საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს იასუჰირო იამაშიტასს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო 2020 წელს ტოკიოში დაგეგმილ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებს, ასევე, სპორტის სფეროში საქართველო-იაპონიას შორის ურთიერთობის საკითხებს.
აღინიშნა, რომ 2020 ტოკიოს ოლიმპიადა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასაც. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონიაში მოღვაწე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია წარმატებულ სპორტსმენებს ქვეყნების დაახლოება. როგორც იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა იასუჰირო იამაშიტამ განაცხადა, ოლიმპიური კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2020 წელს ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე თავისი მაქსიმუმის გაკეთება შეძლონ. შეხვედრისას აღინიშნა ქართველი პარასპორტსმენების მონაწილეობის მნიშვნელობაც.
"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის სტუმრობას იაპონიაში, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და კიდევ უფრო ვეცდებით, რომ ქართველ და იაპონელ სპორტსმენებს შორის გაღრმავდეს ურთიერთობები. სპორტის მეშვეობით ქართველი და იაპონელი ერი კიდევ უფრო დაახლოვდებიან, რაც არის ჩვენი პირველადი მიზანი", - განაცხადა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა იასუჰირო იამაშიტამ.
იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების პროცესი გააცნო და ტოკიოს ახალი ოლიმპიური სტადიონის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურად რამდენიმე თვეში გაიხსნება.