საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოს კულტურის სახლისა და მედიაჰოლდინგის ,,ფუჯი“ აღმასრულებელ დირექტორთან, ჰისაში ჯიედასთან გამართა შეხვედრა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას მედიაჰოლდინგის ,,ფუჯი“ დირექტორს ქართულ ტრადიციებზე, კულტურულ ფასეულობებზე, ქართული თანამედროვე კულტურის წარმატებებზე, ასევე იაპონიაში ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციის შესაძლებლობაზე და ქართულ კინოზე ისაუბრა და იაპონურ მხარეს საქართველოში კინოს გადაღება შესთავაზა, რამაც შეხვედრის მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია. როგორც ,,ფუჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შეხვედრისას განაცხადა, იაპონიაში ტოჩინოშინის წარმატებამ საქართველოსადმი დიდი ინტერესი გამოიწვია.
ეს შანსი აუცილებლად უნდა გამვიყენოთ და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების ყველა ინიციატივას შევუწყოთ ხელი. ამ თვალსაზრისით კი, უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია.
,, თქვენი სტუმრობის მერე, საქართველო ჩემთვის ძალიან ახლობელი ქვეყანა გახდა. ვიცით, რომ ძალიან ძველი და რთული ისტორიის ქვეყანა ხართ. ვფიქრობ, კულტურის მიმართულებით ჩვენს შორის თანამშრომლობის გარკვეული პოტენციალი არსებობს და ძალიან დაინტერესებული ვარ საქართველოთი. ინფორმაციას მივაწვდი ჩემს კომპანიას და აუცილებლად შევუწყობ ხელს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და დარწმუნებული ვარ, ისინიც დაინტერესდებიან და ესტუმრებიან საქართველოს“, - განაცხადა „ფუჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.