საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ასოციაციის "Mosaïque Nomade" წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საფრანგეთში, კურორტ აბასთუმანში მოზაიკური პანოს გადასარჩენად, შეიქმნა.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, ასოციაციის დაფუძნებას საინტერესო ისტორია აქვს: ასოციაციის პრეზიდენტი ემანუელ შაზალი საქართველოში პროექტით "ექიმები საზღვრებს გარეშე" იმყოფებოდა და სწორედ მაშინ აღმოაჩინა აბასთუმანში მოზაიკა "ნადირობა" და მის გადასარჩენად საფრანგეთში დაბრუნებულმა დააარსა ასოციაცია და ფრანგულ საზოგადოებაში შემოწირულობების შეგროვება დაიწყო.
"სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა. ფრანგმა რესტავრატორებმა მოზაიკის ნაწილების კონსერვაცია მოახდინეს, რამაც მოზაიკის დაზიანების პროცესი შეაჩერა. უახლოეს ხანში დაიწყება რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რაც მის სრულ რესტავრაციას ითვალისწინებს. სამუშაოებს რესტავრატორების შერეული, ფრანგულ-ქართული ჯგუფი საფრანგეთიდან ჩამოტანილი მასალებით განახორციელებს. პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ასევე, შშმ პირები“, - განაცხადა კოტე ნაცვლიშვილმა.
კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გვიანი მოდერნიზმის მემკვიდრეობას, განსაკუთრებით კი, მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს - მონუმენტურ, მოზაიკურ პანოებს, რომელთა შორისაცაა აბასთუმნის პანოც. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა აბასთუმანში ვიზიტისას დაათვალიერა აღნიშნული პანო.
საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ განახლებული პანო რეაბილიტირებული აბასთუმნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ასოციაციის პრეზიდენტი ემანუელ შაზალი, ასოციაციის წევრები: სილვი გოსენსი, ფლორენს ფერმონი და აბასთუმნის პანოს ავტორის შვილიშვილი, არქიტექტურის მკვლევარი, ორგანიზაცია DOCOMOMO Georgia-ს წარმომადგენელი ნანო ზაზანაშვილი.
აბასთუმნის მოზაიკური პანოს ავტორია, სსრკ-ს დამსახურებული მხატვარი საურმაგ ღამბაშიძე, რომელმაც შემოქმედებით ჯგუფთან ერთად კურორტ აბასთუმნის მხატვრული გაფორმება შეასრულა.