საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვო და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რან გიდორმა გადასცეს.
ორბელიანების სასახლეში გამართული სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
იტალიის რესპუბლიკის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ენრიკო ვალვოს განცხადებით, საქართველო- იტალიის ორმხრივი ურთიერთობები ყველა მიმართულებით ძლიერია. „ძალიან საინტერესო საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტთან. განვიხილეთ საქართველო- იტალიის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ყველა მიმართულებით ძალიან ძლიერია. გამოვხატეთ სურვილი ერთობლივი მუშაობით, ყველა სფეროში გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები, განსაკუთრებით ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური კუთხით“,- განაცხადა ენრიკო ვალვომ.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნული ელჩის რან გიდორის განცხადებით პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების იმ საკითხებს, რომლებიც მისი აზრით უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ და კიდევ ერთხელ გამოხატა ისრაელის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება.
“რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ ამ დამოკიდებულებას ჩვენც ვიზიარებთ. ყველამ იცის, რომ ქართველებსა და ებრაელებს 26 საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ და ეჭვგარეშეა, რომ შემდგომი წლები ამ მეგობრობის მეტად განმტკიცებას შეუწყობს ხელს,“- განაცხადა რან გიდორმა.