ამერიკულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ "სიონის მეგობრები", რომელიც 70 მილიონზე მეტ წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ქართველი ხალხის მხრიდან ებრაელებისა და ისრაელის სახელმწიფოსადმი მეგობრობისა და თანადგომისათვის "სიონის მეგობართა ორგანიზაციის" უმაღლესი ჯილდო გადასცა.
ორგანიზაციამ, რომლის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო, სხვადასხვა პერიოდში დააჯილდოვა ასევე, აშშ-ის პრეზიდენტები: ჯორჯ ბუში, დონალდ ტრამპი და მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი.
საქართველოს პრეზიდენტს ჯილდო მუზეუმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მაიკ ევანსმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრი მირი რეგევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
მაიკ ევანსის განცხადებით, ჩვენს ორგანიზაციას 40-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ პრეზიდენტები, მეფეები, პრინცები და პრინცესები. პირველად ხდება, როცა პრეზიდენტისათვის პატივისცემის ნიშნად ანტისემიტიზმის წინააღდეგ და უფრო მეტად ისრაელის მხარდასაჭერად ფორუმზე ამდენმა ლიდერმა მოიყარა თავი. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ უამრავი დიპლომატი იმყოფება.
"ვერ ვაცნობიერებდი, თუ როგორ უყვართ საქართველოს პრეზიდენტი. მე ვიცნობ დიპლომატებს მსოფლიოს მასშტაბით და, როდესაც ვესაუბრებოდი მათ მის ჩამობრძანებაზე, ისინი ყველანი იცნობდნენ მას გაეროდან, საფრანგეთიდან, თუ ეგვიპტიდან. ყველანი მიყვებოდნენ ამ უნიკალურ ქალბატონზე, რომელსაც ყველა უაღრესად დიდ პატივს სცემს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ ის იმყოფება აქ, "სიონის მეგობრებში". ჩვენ 17 მილიონზე მეტი გამომწერი გვყავს Facebook- ზე და ამგვარად ამ დღეს მთელი მსოფლიო იზეიმებს", - აღნიშნა მაიკ ევანსმა.