საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამდღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. პრეზიდენტმა ვიზიტს წარმატებული და უნიკალური უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმში, რომელიც აუშვიცის გათავისუფლების 75-ე წლისთავს ეძღვნებოდა და სადაც ორმოცზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი იყო შეკრებილი.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი ანტისემიტიზმისა და ჰოლოკოსტის კუთხით და სოლიდარული იყო ისრაელის მიმართ, ძალიან დაფასებული იყო. ფორუმზე ასევე მომეცა საშუალება შევხვედროდი იმ ლიდერებს, რომლებსაც საქართველოსათვის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ გამოცხადებული.
მაიკლ პენსმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკა დღეს საქართველოს გვერდით დგას და ბოლომდე ასე იქნება! ეს უმნიშვნელოვანესია. ასევე შეხვდი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ჩვენი მეზობელი ქვეყნის, სომხეთის პრეზიდენტს და კიდევ ბევრ სხვას.
ეს საერთაშორისო ფორუმები ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველო არავის დაავიწყდეს. ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას გავიხსენე საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეული საკითხი - ოკუპირებული ტერიტორიები. მე მასაც, როგორც ყველა ქვეყნის მეთაურს ვთხოვე, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებზე ესაუბროს.
ისრაელის პრეზიდენტს ვესაუბრე მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებულ იმ საკითხზეც, რომელიც ასე გვაღელვებს ქართველებს. მნიშვნელოვანია, რომ ისრაელთან, საქართველოს ერთ-ერთ უახლოეს ქვეყანასთან, მივაღწიოთ "ცირკულარულ მიგრაციის შესახებ" შეთანხმებას და ამით გადავიყვანოთ არალეგალური მიგრაცია ლეგალურში, რითაც პროფესიონალიზმის ამაღლებასაც შევუწყობთ ხელს. ახლა ხელშეკრულების ხელმოწერის ბოლო ეტაპზე ვიმყოფებით. დავიწყებთ პატარა დოზით, მაგრამ ეს არის ის სწორი გზა, რომელსაც უნდა შევუდგეთ.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრა, მაცხოვრის საფლავთან მისვლა და სიწმინდეების მოლოცვა. იერუსალიმს ქართველებისათვის კიდევ უფრო სხვა დატვირთვა აქვს და ჩვენი კვალი იერუსალიმში არ უნდა გაქრეს. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის ვიზიტი ისრაელში. ახლო მომავალში აქ კულტურული ცენტრის გახსნაც იგეგმება, რაც უკვე დაანონსა პრემიერმა. ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ისრაელთან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ისრაელში სამუშაო ვიზიტი ქალაქ ლოდში, წმინდა გიორგის ტაძრის დათვალიერებით დაასრულა.