საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვია

პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოში 28 იანვარს დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. 


სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჰენდრიკ დემსთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან.
 

სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ევროპის სასახლეში იგეგმება ასევე, ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წევრებს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
 

დღის ბოლოს კი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართება, სადაც მოეწყობა ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენება და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ: ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და საქართველოს პრეზიდენტი.

სხვა სიახლეები