ინტერვიუ Sky News-თან

ინტერვიუ Sky News-თან

როდესაც შაბათს საარჩევნო უბანზე შეგხვდით, დარწმუნებული იყავით, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა. თქვენ თქვით, რომ ‘დღეს გამარჯვება ჩვენი იქნება, ჩვენი ოცნებები ახდება. რა მოხდა?

მართალი ვიყავი. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები. როცა ვამბობ „ჩვენ “, ეს არაა ოპოზიცია, არჩევნები პროევროპულმა ძალებმა მოიგეს.

ის, რომ არჩევნები მოიპარეს, სხვა ამბავია. ხმების გასამრავლებლად გამოყენებული იქნა ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც საქართველოში არჩევნებზე პირველად გამოიყენეს.  ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა 15, 17, 20-ჯერ შეგეძლოთ და ეს მრავალი გზითაა დოკუმენტირებული.

ამის რა მტკიცებულება გაქვთ?

არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მაჩვენეს.

საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს აკრიტიკებენ. მათი თქმით, ისინი შეესწრნენ ორმაგ ხმის მიცემას, ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის და სხვა შემთხვევებს, თუმცა არჩევნები არ დაგმეს. მათ არ თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს თქვენთვის პრობლემაა, არა?

არა, ეს პრობლემა არაა, რადგან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არჩევნებს არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ არასოდეს გმობს. მათ საბოლოო დასკვნები ჯერ კიდევ უნდა მიიღონ. რეალურად, დაკვირვებას უფრო ადგილობრივები აწარმოებენ, ვიდრე საერთაშორისო მისიები, რომლებიც ქვეყანაში მოგზაურობენ. მათთვის სიღრმემდე მიღწევა ძალიან რთულია.  ჩვენ თვითონ ვიყავით გაკვირვებულები და უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყანას არ იცნობენ ძალიან რთულია.

თქვენ იმ მტკიცებულებებით, რომელიც ნახეთ, დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნები გაყალბდა.

დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, არ გამოვაცხადებდი, რომ არჩევნები ლეგიტიმური არაა, რომ ის ქართველ ხალხს მოჰპარეს.

ძალიან საინტერესოა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც არჩევნები თავისუფალი იყო, მაგრამ შეზღუდული, რადგან ხალხს მასობრივად ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ეს ჩვენ დიასპორაა. ამომრჩეველთა 90%-მა ხმა ევროპულ არჩევანს მისცა.

ოპოზიციის წამყვანმა ლიდერებმა არჩევნები აღწერეს როგორც რუსული სპეცოპერაცია, მოსკოვში დაგეგმილი და „ქართული ოცნების“ ლიდერის ივანიშვილის მიერ აღსრულებული. ეთანხმებით ამას?

დიახ. არ ვიცი ეს მოსკოვში იყო თუ არა დაგეგმილი, მაგრამ მეთოდოლოგია, დახვეწილობა, მასშტაბი, ის ფაქტი, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა მეთოდი იქნა გამოყენებული, ყველაფერი ეს ძალიან კარგად ორგანიზებულია. ეს არაა რაიმე, რაც უბრალოდ ხდება - რომ აქ და აქ ვცადე გაყალბება. ეს წინასწარ, ძალიან კარგად დაგეგმილი იყო. ვფიქრობ, ეს ფსბ-სა და მსგავსი ორგანიზაციების ხელწერაა.

ასევე საინტერესოა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროპაგანდა, რაც წინა კვირებში ვნახეთ, რუსული პროპაგანდის კოპირება იყო - ვიდეოები, ბანერები, რომლებიც პარალელს ავლებდა უკრაინის ტრაგედიასა და ქართულ კეთილდღეობას შორის. ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, ვისაც საბჭოთა კავშირის ბანერები ახსოვს. ახლახან კი, ერთი ვიდეო იყო, რომელიც გასულ კვირას დაპოსტეს და რომელიც პუტინის კამპანიის დროს გამოყენებული ვიდეოს კოპირება იყო. 

ეს ძლიერი ბრალდებაა. ზოგიერთმა ამ ქვეყანაში შეიძლება თქვას, რომ რეალური პრობლემა ოპოზიციის მიერ, მათ შორის თქვენს მიერ, არჩევნების შედეგების არაღიარებაა...    

მე ოპოზიციის ნაწილი არ ვარ.

მაგრამ ოპოზიცია არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს ამბობს. პრობლემა ისაა, რომ ისინი შედეგებს არ აღიარებენ, რადგან...  

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი ელემენტი აჩვენებს ქართველი ხალხის ნებას. ეს გასულ მარტსა და აპრილში ქუჩებშიც აჩვენეს. სად გაუჩინარდა ეს ათასობით ადამიანი? არ მისცეს ხმა? არა! ეს ის ხალხია, ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ქვეყნის დატოვების ნაცვლად დარჩნენ; ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ არჩევნებისთვის დავრჩებით, ეს ჩვენი ბოლო შანსია, რომელსაც არ დავკარგავთ. არ ვიცი ახლა რას იზამენ.   

ახლა რა იქნება? თქვენ აქციისკენ მოუწოდეთ, რომელიც ამ საღამოსთვისაა დაგეგმილი. რისი მიღწევა გსურთ ამით? ამ პროტესტით ხელისუფლების გადაყენებას ცდილობთ?  

არავის დანიშვნას ან  გადაყენებას ვაპირებ ამით. მე არჩევნებზე ჩემი დასკვნები გამოვიტანე და ვფიქრობ, ეს დასკვნები ხალხმა უნდა დაადასტუროს (რადგან მე ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ვარ, რომელიც დარჩა) და ვფიქრობ, ეს არა პროტესტი, არამედ საკუთარი ნების გამოხატულება იქნება. არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც ამ ქვეყანაში ხალხს ახლა შეუძლია თავისი ხმები და ევროპულ გზაზე დარჩენის სურვილი გამოხატოს. ახლა არჩევანი იქნება ის, რომ ან მმართველი უმრავლესობის პროგრამაში გადავალთ, რომელიც ოპოზიციის ყველა ლიდერის დაპატიმრებას, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ასევე რუსული კანონის მიხედვით (რომელიც არ გაუქმებულა) სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ქმედებებს გულისხმობს. ასე რომ, ჩვენ ან გადავალთ სხვა ტიპის რეჟიმზე, არაფერი ევროპული, მაგრამ უფრო რუსული, ან ვუბრუნდებით ევროპულ გზას. არ ვიცი, შეიძლება ეს ახალი არჩევნები იყოს, ეს პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია.

ვფიქრობ, დღეს ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაცია იქნება იმისა, თუ რას გრძნობს მოსახლეობა არჩევნების მოპარვის მიმართ.

მაგრამ როგორც თქვენ ამბობთ, ძალაუფლება ხალხზე გავიდა, მისცემენ თუ არა ამ არჩევნებს ლეგიტიმაციას.

ყველა ქვეყანაში ასე ხდება.  

საფრთხე იმაშია, რომ პოტენციურად ეს აქციები ძალადობრივად იქნება ჩახშობილი და ხალხი შეიძლება დაშავდეს.

რაც მე აღვწერე, მმართველი უმრავლესობის დაპირებები, მათი ძალიან უცნაური საარჩევნო კამპანია, რომელიც იყო საარჩევნო კამპანია მუქარისთვის, თუ ეს მუქარები აღსრულდა, ამ ქვეყანაში უფლებები აღარ დარჩება. როგორც ვთქვი, დღეს მე ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ვარ (და არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა ეს იყო), ეს ქვეყნისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

არ მგონია, რომ დღევანდელი პროტესტი მშვიდობიანის გარდა სხვანაირი იქნება. არ მგონია, რომ დაპირისპირება იქნება. მაგრამ თუ ხვალ დაკავებები დაიწყება, არ ვიცი მოსახლეობას რა რეაქცია ექნება.

როგორ ფიქრობთ, ამ ქვეყანაში დიდი არასტაბილურობის ზღვარზე ან დიდი გაურკვევლობის პერიოდშია?

არასტაბილურობა ამ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი იქნება რეპრესირებული, მათი თავისუფლება და უფლება, წავიდნენ იმ მიმართულებით საითაც სურთ, იქნება ჩახშობილი.

რის გაკეთებას ისურვებდი ბრიუსელის, ვაშინგტონის, ლონდონის მხრიდან? ელოდებით რაიმეს მათგან?

ვფიქრობ, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ ევროპისმოყვარე მოსახლეობას და არა უმრავლესობას, მმართველ პარტიას, რომელსაც სურს ამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა, რომელიც უფრო და უფრო რუსულად გამოიყურება.

როგორც ვიცი თქვენი ვადის რამდენიმე თვე დაგრჩათ...

არც კი.

შეიძლება ტურბულენტური და ბოლო დღეები ტრავმულიც კი იყოს. გქონდათ მოლოდინი რომ ასე დასრულდებოდა?

რა თქმა უნდა, არა, და იმედი მაქვს, რომ არ დასრულდება ასე.

ძალიან დიდი მადლობა!

მადლობა!

სხვა სიახლეები