ინტერვიუ DW-სთან

ინტერვიუ DW-სთან 

მოხარული ვარ, რომ DW-ზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივესალმო. მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო.

ეს სადავო კანონი პარლამენტში უკვე მიიღეს და ახლა ხელმოსაწერად თქვენ გამოგეგზავნათ. რას გააკეთებთ?

ვეტოს დავადებ.

და რა სარგებელს მოიტანს ეს, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტს თქვენი ვეტოს დაძლევა შეუძლია?  

ეს კანონი ქართველებისთვის, რომლებიც უკვე ერთი თვეა მას ქუჩაში აპროტესტებენ, მთელი რიგი კანონები სიმბოლო გახდა, ქმედებებისა და რიტორიკის სიმბოლო, რომელიც საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გარანტირებული იყო. სწორედ ამ სიმბოლოს დავადებ ვეტოს. ჩვენი პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა ამბობდა, რომ ეს ზუსტად იგივე კანონია, რომელსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დასაპირისპირებლად იყენებს.  

ასე რომ, ჩვენ ეს კანონი არ გვინდა. ეს ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება და ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოების საშუალებას არ მისცემს. განხილული არ ყოფილა და ნაჩქარევად მიიღეს. კომიტეტში მესამე მოსმენა წუთსა და შვიდ წამს გაგრძელდა.  

კანონმა მრავალი ეტაპი გაიარა. თქვენ ვეტოს დაადებთ, შემდეგ დაბრუნდება პარლამენტში. პარლამენტი ამბობს, რომ ის ყველაფრის მიუხედავად მას დაამტკიცებს. დღევანდელ ჩვენს სიუჟეტებში მოვუსმინეთ პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. გარდა ქმედებებისა, რომელიც (როგორც თქვენ ამბობთ) რუსეთს ახასიათებს, შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს აუხსნათ, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იმის გაცხადება, რომ დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს უცხოეთიდან იღებენ, რატომ უქმნის საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს?

იმიტომ, რომ ის [დაფინანსება] გამჭვირვალეა და ეს ყველამ იცის, ჩვენი პარტნიორები ორგანიზაციებს ასევე ძალიან გამჭვირვალედ აფინანსებენ. რასაც ეს კანონი აკეთებს და რაც კიდევ უფრო ცხადია პრემიერ მინისტრისა და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის რიტორიკაში ისაა, რომ ისინი ამ კანონით უცხოურ გავლენებად, უცხოურ აგენტებად ამ ქვეყნის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს მიიჩნევენ, მათ, ვინც საქართველოს დემოკრატიზაციის ამ გრძელ გზას მხარს უჭერს და [მიიჩნევს], რომ რუსეთიდან უცხოური გავლენა არ მოდის.

რუსული კანონის დუბლირებით და გაფრთხილების მიუხედავად, ამ გზაზე წასვლა (მიუხედავად იმისა, რომ ყველა და მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ არ მივიღოთ , რადგან არ შეესაბამება მათ რეკომენდაციებს, ან იმას, რაშიც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ღირებულებების დაცვას) ნიშნავს, რომ ძალიან თვალსაჩინოდ მიდიხარ მიმართულებით, რომელიც არაა ის, რაც წლებია ქვეყანას გაცხადებული აქვს და მხარს უჭერს.

ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ სხვების კრიტიკის მიუხედავად, მე თქვენს განმარტებაში ჯერ კიდევ არ მომისმენია დემოკრატიისთვის რატომაა სახიფათო ამ ორგანიზაციებიდან დეკლარაციების მოთხოვნა? რას თვლით ამ დეკლარაციებში ანტიდემოკრატიულად?

არ მინდა კანონის განხილვაში შევიდე, რადგან გეუბნებით, რომ ეს კანონი ერთადერთი არაა, ის სხვა კანონებთან და რიტორიკასთან ერთად, ქვეყნის კურსიდან და მიმართულებიდან გადახვევის ასახვაა. ის [კანონი] მხოლოდ [ორგანიზაციებს დაფინანსებების] წყაროების ასახვას არ ავალდებულებს, რაც ისედაც კეთდება. ის ითხოვს, რომ საკუთარი თავი აგენტებად, უცხოური გავლენის წარმომადგენლებად გამოაცხადონ. და თუ ეს მოხდება, საზოგადოების თვალში ეს მათი დისკრედიტაციაა. ასე რომ, მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ამ ქვეყანაში უცხოური გავლენის აგენტებად იქნენ მიჩნეულნი. 

ისინი ლობისტები არ არიან. ისინი ამ ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ცოცხალი, აქტიური, ძალიან გავლენიანი და ძალიან მნიშვნელოვანია მისი [ქვეყნის] დემოკრატიისკენ გადასვლაში. და გამჭვირვალობაზე თქვენ რისი გჯერათ?!

და თქვენი აზრით, რა არის ხელისუფლების მოტივაცია ამ კანონის წარდგენით?

არ ვიცი, მოგიწევთ მათ ჰკითხოთ, რადგან გასულ წელს ეს კანონი წარადგინეს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს გააპროტესტა, კანონი გაიწვიეს და მოსახლეობასა და ჩვენს პარტნიორებს კი დაჰპირდნენ, რომ ამ კანონს აღარ წარადგენდნენ. მაშ, რატომ დაბრუნდა [კანონი] მაშინ, როცა ამის საჭიროება და კონკრეტული მოთხოვნა არაა. ის უეცრად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციეს. კანონთან ერთად, საქართველოს დე ფაქტო მმართველის, ბატონი ივანიშვილის 29 აპრილის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც ჩვენს დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს ყველაფერში ბრალს დებს და კონსპირაციის თეორიებს ქმნის, ამ ქვეყნის რეალური პრობლემაა. ასე რომ, ამ საზოგადოებას, რომელმაც კარგად იცის როგორი იყო და რას ნიშნავდა საბჭოთა სივრცეში ყოფნა, საბჭოთა მოსმენები, საბჭოთა პროპაგანდა, მეორედ ვერ მოატყუებ, არ იმუშავებს. მოსახლეობა ისევ ამბობს „არა“-ს!         

მთავრობა, რა თქმა უნდა, ამბობს, რომ ევროკავშირის მომხრეა. ევროკავშირი ახლა ამბობს, რომ გააჩერებს საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობას, თუ ეს კანონი ამოქმედდება. როგორ ფიქრობთ, მსგავსი საფრთხე მთავრობას შეაჩერებს?  

არ ვიცი. ვერ გეტყვით, როგორი იქნება მათი რეაქცია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისაა, რომ ქვეყანამ ევროპისკენ გზა გააგრძელოს. ჩვენ ხუთ თვეში არჩევნები გვაქვს. ამ არჩევნებზე მოსახლეობამ მისი სათქმელი უნდა თქვას. უნდა დავამტკიცოთ, რომ  ევროპა გვინდა და ეს საუკეთესო გზაა უარვყოთ კანონები, რომლებიც ჩვენს ევროპულ მომავალს არ შეესაბამება და კვლავ მივმართოთ ჩვენი თავები გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ.  

დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სხვა სიახლეები