ინტერვიუ Sky News-სთან

ინტერვიუ Sky News-სთან

უკვე ზედიზედ სამი ღამეა თბილისი აქციებმა მოიცვა იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელზეც დემონსტრანტები ამბობენ, რომ რუსეთში გამოყენებული კანონებითაა შთაგონებული. ეს კანონი აიძულებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებით უცხოეთიდან 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, უცხოური ძალების ინტერესის მქონე ორგანიზაციებად დარეგისტრირდნენ. ის განიხილება, როგორც ტესტი - საქართველო დაუახლოვდება ევროპას თუ რუსეთს?! ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც ევროკავშირი ქვეყნის კანდიდატურას წევრობაზე განიხილავს.

ახლა კი გავესაუბროთ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველ რიგში, მინდა გკითხოთ იმისათვის, რომ ნათლად ვთქვათ - თქვენ ეწინააღმდეგებით ამ კანონპროექტს. ხომ ასეა?

დიახ, სწორედ ასეა და მე მას ვეტოს დავადებ, როგორც კი კანონპროექტის მესამე მოსმენა დასრულდება. სავარაუდოდ, ვეტოს დაძლევენ. მაგრამ, ეს [ვეტო] ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ვარ იმ ხალხის ხმა, რომელიც ამ [კანონპროექტს] აპროტესტებს. ვეტო ძალიან სიმბოლურია და აჩვენებს რა არ შეიძლება გახდეს საქართველოს დანიშნულების პუნქტი, იმ კანონების კოპირებით, რასაც პუტინი და რუსეთი იღებს.

ანუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენ კანონს ვეტოს დაადებთ, მაგრამ რეალურად ვეტო სიმბოლურია, რადგან კანონის მიღება ვეტოს მიუხედავად შესაძლებელია. ასეა?

დიახ ასეა, თუმცა არსებობს სხვა შესაძლებლობაც, ოდნავ მოგვიანებით, - ოქტომბერში ჩვენ არჩევნები გვექნება, ასე რომ, ეს იქნება ტესტი საქართველოსთვის უარი თქვას არა მხოლოდ ამ კანონზე, არამედ ყველა იმ კანონზე, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული და რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებს, რათა ჩვენ წლის ბოლოსათვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა შევძლოთ. ეს [მოლაპარაკებების გახსნა] ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ეს მნიშვნელოვანია და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს კანონი არ შეესაბამება თქვენს ევროპულ მისწრაფებას. ისინი ამბობენ, რომ ეს კანონი კი არ გაახლოებთ ევროკავშირთან, არამედ პირიქით, მისგან გაშორებთ.

დიახ სწორედ ასეა. შარლ მიშელმა, ისევე როგორც სხვა ევროპელმა პარტნიორებმა და [თბილისში მყოფმა] ელჩებმა ამის შესახებ გააკეთეს განცხადება, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ასე რომ, ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ამბობს - „არ მიიღოთ ეს კანონი“. ერთადერთი, რომელიც ამ კანონს დადებითად აფასებს და საქართველოს ხელისუფლებას კომპლიმენტს ეუბნება რუსეთის წარმომადგენლები არიან (დუმა, დიმიტრი პესკოვი - სპიკერი). ამიტომ ძალიან ნათელია რა არის ეს [კანონი], საიდან მოდის და რა არის ის, რაც ქართველ ხალხს არ სურს.

მაგრამ ფაქტია, რომ თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს არა ევროკავშირისკენ, არამედ ვლადიმერ პუტინისკენ მიჰყავხართ და თქვენ ბევრი არაფრის გაკეთება შეგიძლიათ [ამის შესაჩერებლად].

მაგრამ არა - ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ შეგვიძლია, რადგან ქართული საზოგადოების 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის გზას. შარშან, როდესაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა ჩვენ ვნახეთ ერთსულოვნება და ენთუზიაზმი საზოგადოებაში - მე ამის იმედი მაქვს და [საზოგადოებასაც] შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს.

ჩვენი ვუახლოვდებით არჩევნებს და ამ პერიოდში აქციებიც იქნება. ვიცით, რომ ამჟამად (ანუ ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში, სანამ არჩევნები არ იქნება) ვერ შევცვლით იმ უმრავლესობას, რომელიც დღეს პარლამენტშია, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ არ შეიძლება ხალხმა ნება გამოხატოს, რაც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვხედავთ აქციებს, მაგრამ ვფიქრობ აქციები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მმართველი პარტია არჩევნებს აუცილებლად წააგებს. თქვენ რას ფიქრობს ამაზე?

დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუ ისინი რუსეთისკენ მიემართებიან. მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ არჩევნებზე მკაფიო არჩევანი გაკეთდება. მაინტერესებს, თქვენ მეტი და უფრო დიდი აქციებისკენ მოუწოდებთ?

მე აქციებისკენ არ მოვუწოდებ. ეს ქართველი ხალხის სპონტანური რეაქციაა, განსაკუთრებით, კი მოსახლეობის უფრო ახალგაზრდა ნაწილის, რომელიც ამ დრომდე არ იყო პოლიტიკაში აქტიურად ჩართული. ახლა კი, ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდებით გავსებულ ქუჩებს. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ ისინი გრძნობენ რომ ვიღაც მათ ევროპულ მომავალს ართმევს, რომ მათ ევროპულ მომავალს მოსკოვის ზეწოლის ქვეშ ართმევენ, რომელიც რეგიონში, კავკასიაში გეოპოლიტიკურ თამაშს ღიად თამაშობს.

ქალბატონო პრეზიდენტო, სულ რაღაც 20 წამი დაგვრჩა. მინდა გკითხოთ - რა იქნება შედეგი თუ საბოლოოდ დაუახლოვდებით მოსკოვს?

ეს საქართველოსთვის ტრაგედია იქნება!

ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.

მადლობა.

სხვა სიახლეები