საქართველოს პრეზიდენტი - ,,რუსეთი მრავალმხრივ უკვე დამარცხდა“
სახელმწიფოს მეთაური, რომელიც პრორუსული მთავრობის პირისპირ პროევროპულ ბანაკს წარმოადგენს, მოსკოვსა და ბრიუსელს შორის გავლენებისათვის ბრძოლის პროცესში, დარწმუნებულია, რომ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნის ხალხს ცხადად სურს ევროპა.
სალომე ზურავიშვილმა, 2018 წლიდან საქართველოს პრეზიდენტმა, კვირას, 12 ნოემბერს Le Monde-ი თბილისში მიიღო მას შემდეგ, რაც ევროპულმა კომისიამ მწვანე შუქი აუნთო ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ის საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც კავკასიის ეს რეგიონი დგას, ასევე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის როლზე, რომელიც ქვეყანას ჩრდილიდან მართავს.
კომისიამ დადებითი დასკვნა დადო, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის მოსაპოვებლად ბრიუსელის თორმეტი რეკომენდაციიდან ხელისუფლების მიერ სრულყოფილად მხოლოდ სამი შესრულდა. რას ფიქრობთ თქვენ?
არ ჩამოვთვლი ქვეყნებს, მაგრამ ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. ეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად სამართლიანია. უარყოფითი შეფასება რუსეთისთვის საჩუქარი იქნებოდა და გამბედაობა მიეცემოდა, რომ გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რათა საქართველო გამხდარიყო ნაცრისფერი ზონა და აქ დაეწერა ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე, მოსახლეობის ევროპული ნების აღიარებაა.
ეს დადებითი დასკვნა არ შეიცავს 2024 წლის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებამდე პრორუსი მმართველი ძალის გაძლიერების რისკს, რომელიც ევროპას ‘’საქართველოს ომში ჩაბმის“ სურვილში ადანაშაულებს?
მოსახლეობას ხანგრძლივი საბჭოთა წარსული აქვს. მან კარგად იცის რას ნიშნავს ოფიციალური პროპაგანდა, ასე რომ, ის ცხადად ხედავს და ფხიზლად რჩება მომავალი თვეების განმავლობაში. მე ამაზე არ ვღელავ. ამ დადებით დასკვნას ძირეული ეფექტი აქვს: ის ხელისუფლებას აიძულებს, რომ პროევროპული დისკურსი გაშალოს, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა. თუ დაყოფილ ოპოზიციას სურს, რომ ისარეგბლოს ამ ახალი მოცემულობით, მან ხელახლა, სხვა სახის მობილიზაცია უნდა შექმნას.
ეს დადებით რეკომენდაციას ცხრა პირობა ახლავს. როგორ აპირებთ მათ განსახრციელებლად ხელისუფლებაზე ზეწოლას?
მოგეხსენებათ, ხელისუფლებას ჩემზე ზეწოლის უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე პირიქით. [ოქოტმბერში პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილება შეზღუდულია, ხელისუფლების მიერ უშედეგო იმპიჩმენტის მცდელობის წინაშე აღმოჩნდა]. ანტონიო გუტიერეშის [გაეროს გენერალური მდივანი] ციტატა რომ მოვიყვანო, მე ვიტყოდი, არ მაქვს არანაირი ძალაუფლება, გარდა სიტყვისა, თუმცა ეს სიტყვა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, საარჩევნო წელს ოპოზიციისა და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისათვის, რომელთათვისაც მე, დე ფაქტო, ყველაზე პროევროპელი წარმომადგენელი ვარ, უაღრესად მნიშვნელოვანია. მე ვეტოს უფლებას ვიყენებ ყოველთვის, როდესაც კანონი ევროპულ სულისკვეთებასა თუ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ვეტოს ყოველ ჯერზე ძლევენ, მაგრამ მას საჯარო გაფრთხილების ეფექტი აქვს.
მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ დადებით რეკომენდაციაში ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის როლი აღნიშნა. თქვენც ასე ფიქრობთ?
მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდნტობის კანდიდატად წარდგენაში [2018 წელს], თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროლავშირისაკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო. შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე.
სწორედ მისი წყალობით მოხვედით ხელისუფლებაში... რაში გდებთ ბრალს?
დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს არ მქონდა ბერკეტები, რომ ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი მმართველები.
როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ?
მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის.
პასუხი დეოლოიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით.
რა კომუნიკაცია გქონდათ ბიძინა ივანიშვილთან?
ორწელიწადნახევარი, სამი წელია მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს.
არის ბიძინა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ?
ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოსცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახლაგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა.
მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა - სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის ,,წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო.
ხელისუფლებას თქვენი იმპიჩმენტის მცდელობა ჰქონდა იმ მოტივით, რომ ნებართვების გარეშე უცხოეთში მოგზაურობით, კონსტიტუცია დაარღვიეთ. ეს მცდელობა მარცხით დასრულდა. დღეს შეგიძლიათ თავისუფლად მოგზაურობა?
მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსიტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას.
რუსეთის შეჭრის შემდეგ, თქვენ უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ, მაგრამ არასდროს წასულხართ კიევში. რატომ?
რამდენჯერმე მიმიწვიეს კიევში, მაგრამ ჩემი დადანაშაულების [იმპიჩმენტი პროცედურა] გამო, მე მოქმედების შემდეგი კურსი დავისახე: არ ჩავსულიყავი სხვა დედაქალაქებში, გარდა - პარიზის, ბერლინის, ბრიუსელისა, თუ ბალტიის ქვეყნებისა, ამ პერიოდიდან დეკემბრამდე, როცა ევროპული გადაწყვეტილება იქნება [27 ქვეყანა მიიღებს ოფიციალურ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე] და შესაბამისად, საკუთარი თავი დამატებითი თავდასხმების ქვეშ არ ჩამეგდო ისეთ ადგილებში წასვლით, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება [ევროინტეგრაციას], (მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ბედი ჩვენსას უკავშირდება).
პროცედურა წარმუტებლად დასრულდა. ახლა რა გიშლით ხელს იქ წასვლაში?
ვნახავთ.
გამორიცხული არაა?
ვნახავთ.
თქვენს წინააღმდეგ იმპიჩმენტის პრიცედურა სექტემბერში დაიწყო. აქამდე რატომ არ წახვედით?
დიდი ხანია ეს მზადდებოდა. მე ვიცოდი საკითხები, რომელიც საზოგადოებისათვის არაა ასე ცნობილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობით კვლავ ციხეშია. ევროპარლამენტმა მისი შეწყალებისაკენ მოგიწოდათ. აპირებთ ამას?
გარწმუნებთ, ის ამბობს, რომ უკეთაა. მან არჩევნებისათვის თავისი ოფისი გახსნა. ის სამედიცინო კლინიკაში იმყოფება. მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს.
თქვენი წიგნი ,,ქართული ტრაგედია” (Grasset) გამოცემული 2009 წელს, თქვენ ხაზს უსვამთ “მოსკოვის და თბილისის ორმაგ პასუხისმგებლობას” 2008 წლის ომის დაწყებაში და წერთ, რომ ,,ვერსია, რომლის თანახმადაც საქართველომ რუსულ აგრესიას მხოლოდ უპასუხა.. ვერ უძლებს ფაქტებს”. თქვენი წიგნიდან ნაწყვეტების ციტირება მოახდინა რუსეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე 2009 წელს საკუთარი პოზიციების გასამტკიცებლად. ისევ ამ პოზიციაზე ხართ?
არა, მე ეს არასდროს მითქვამს. მე ქართველი ემიგრანტების შვილი ვარ, რომლებმაც 1921 წელს, საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ, დატოვეს საქართველო. სწორედ, რუსეთია ის, ვინც ყოველთვის თავს ესხმოდა, ანექსირებას ახდენდა და კვეთდა საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს.