ქალბატონო პრეზიდენტო, დღეს, ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ევროკავშირთან დაახლოებაა. ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ ჩვენი და მომავალი თაობების ოცნება. ეს იყო ჩვენი წინაპრების ოცნება, პერსონალურად თქვენი წინაპრების ოცნებაც.საერთაშორისო პოლიტიკაში რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გამოწვევებთან ერთად, შანსებიც გაჩნდა. საქართველომ, ისევე, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირში წევრობის განაცხადი წარადგინა. თქვენი შეფასებით, რა ტიპის პრობლემებით შეხვდა საქართველო ახალ შანსს? როგორ ფორმაშია ჩვენი ქვეყანა ახლა, როდესაც პარტნიორებისგან წარდგენილ განაცხადზე პასუხს ელოდება?
ალბათ, ფორმაში ვართ. დიდიხანია ამისთვის ვემზადებით. ეს არის არა მხოლოდ ჩემი წინაპრების და ყველა იმ ადამიანის ოცნება, ვინც სახელმწიფოს აშენებდა, არამედ ეს არის მოსახლეობის 88%-ის ოცნება. ეს მთელი ჩვენი დიასპორისათვის კიდევ უფრო დიდი ოცნებაა, რომელიც გარედან ხედავს როგორ ემზადება ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი შანსისთვის, დიასპორა ამის 100%-იანი მომხრეა. ამ მხრივ, მომზადებული ვართ. სამწუხაროდ, ბოლო წელიწადის, თუ წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ის ნაბიჯები არ გადავდგით, რასაც ჩვენგან ელოდნენ, იქნება ეს 19 აპრილი და ჩაშლილი - ანულირებული შეთანხმება (ძალიან მძიმე სიტყვებიც იქნა გამოყენებული ზოგიერთ მომენტებში) და რაღაც გაუგებარი ნაბიჯები - ევროკავშირიდან სესხის არაღება.
მოდით, კარგად გავშალოთ ეს თემა. კარლ ჰარცელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო უკეთ ყოფილიყო მომზადებული ამ ისტორიული მომენტისთვის. კარლ ჰარცელი ევროკავშირის ელჩია, შესაბამისად, მისი სტატუსიდან გამომდინარე ევროკავშირის პოზიციას გამოხატავს. სად და რა შეცდომები დავუშვით? სად და რა არ გავაკეთეთ უკეთ? ხომ არ არსებობს იმის ალბათობაც, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას შანსი, რომელიც ახალმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შექმნა?
ახლა, ჩვენ არ დავიწყებთ მთელი ამ ისტორიის გავლას, მაგრამ ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში. გვესმის, სხვათაშორის უფრო პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან, ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, არ ვიცი, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს. თქვენ ახლა მეკითხებით, რა გავაკეთეთ და რა არ გავაკეთეთ - ამ დროს ყველა მათზე პასუხს ელოდება, რა იქნება მომავალ კვირას კომისიის პირველი შეფასება და შემდეგ, ალბათ, ივნისის ბოლოს უკვე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები, ამ დროს ჩვენ ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე ზოგადად, ისეთ განცხადებებს ვაკეთებთ, რომელიც ცოტა გაუგებარია.
სწორედ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ევროპელი პარტნიორების კრიტიკა. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტარების კრიტიკამ „ქართული ოცნების“ მხრიდან ტენდენციის ხასიათი მიიღო თუ მეორე მხრივ ამერიკელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების. ევროპარლამენტარებთან მიმართებაში, ბოლო პერიოდში მოვისმინეთ შეფასებები: „სააკაშვილის და არა საქართველოს მეგობარი“, „კრიმინალების ხელშემწყობი“, „ანტიევროკავშირი“. ისიც ითქვა, რომ საქართველო არ არის ვალდებული ცალკეული ევროპარლამენტარის ჭკუაზე იაროს. თქვენი აზრით, რა ლოგიკაში ჯდება ანტიდასავლური რიტორიკა, პარტნიორების კრიტიკა, როცა ველოდებით პარტნიორების გადაწყვეტილებას. თუ უძებნით ამ ყველაფერს ახსნას?
თქვენ მეკითხებით, რა ლოგიკაში ჯდება და ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ, რადგან მე ამის ლოგიკას ვერ ვხედავ, უნდა ეკითხებოდეთ იმათ, ვინც ამ განცხადებებით გამოდის. აქ ორივე საკითხია: ჯერ ერთი, რაღაცეები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია და მეორე, ამ პერიოდში, ამ ყველაფრის დროულობა. არ შეიძლება, ამ დროს, როცა სენსიტიური მომენტია, არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განცხადებას, რომელზეც შეიძლება რეაქცია მოხდეს.
არსებობს იმის საფრთხე, რომ პარტნიორების კრიტიკა უარყოფითად აისახოს იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც ახლა ველოდებით? ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, ვინც საქართველოს საკითხზე მუშაობს. როგორ ფიქრობთ, ამას „ქართული ოცნება“ ხვდება და თუ ხვდება, მაშინ რატომ შეიძლება ხდებოდეს ეს? რა არის თქვენი პირადი პოზიცია...
მე არა მაქვს პირადი პოზიცია იმის შესახებ, რაც ჩემზე არ არის დამოკიდებული და მე ამ ქმედებების და გადაწყვეტილებების ლოგიკას ვერ აგიხსნით, ჩემს იქით არის ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვიცი, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი შანსები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. ამიტომ იყო, რომ მე, თავის დროზე, ჩავედი ბრიუსელში. ვთვლიდი, რომ იქ უნდა გვეთქვა ჩვენი სათქმელი. ამიტომ იყო, რომ მე უამრავ ინტერვიუში მივიღე მონაწილეობა იმისთვის, რომ აჩქარებული ტემპით ევროკავშირში ინტეგრაციის მსურველი - ჩვენი სახე გამოჩენილიყო. დღეს იბეჭდება საკმაოდ ნეგატიური სტატიები და ვხედავ, რომ არსად არ არის ამ სტატიებზე პასუხი, რაც უნდა იყოს.
რა უნდა კეთდებოდეს სამთავრობო გუნდის მხრიდან და რა არ კეთდება?
პიარი. სიტყვიერად შეიძლება ბევრი რამე დაშავდეს, ჩვენი რიტორიკა საკმაოდ მძიმეა, ასევე არ არის პასუხები ევროპის პრესაში გავრცელებულ არასწორ სათაურებზე, იქ უნდა იყოს წამიერი რეაგირება: რომ ეს მთლად ასე არ არის, არ არის სწორი, რაც ფაქტობრივად, არასწორია. ის უნდა იყოს გამოსწორებული.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
მიზეზი არ ვიცი. ვინც არის ამაზე პასუხისმგებელი, მას უნდა ჰკითხოთ.
თქვენ არ ეკითხებით? არ გაქვთ პირადი კომუნიკაცია მთავრობის მეთაურთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან? პრეზიდენტი ხართ. გაქვთ, თუ არა ურთიერთობა დანარჩენ სახელისუფლებო შტოებთან...
პასუხები არ მაქვს... თქვენი კითხვის მეორე ნაწილი იყო, რა გავლენა ექნება მთავარ გადაწყვეტილებებზე. კომისიის პირველი შეფასება, ალბათ იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალითად, სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩაწერილი იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, - ამაზე შეიძლება იყოს კრიტიკული. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ევროპული საბჭოს მიერ, იქ უფრო გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არა მხოლოდ შეცდომები, ზოგადად, დღევანდელ დღეს საქართველოს მდგომარეობა იქნება (შეფასებული): ის ფაქტი, რომ მოსახლეობა მთლიანად ევროპისკენაა მიმართული, და რომ აქამდე ძალიან დიდი გზა გავიარეთ. ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამები და შეცდომები იყოს გადამწყვეტი, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ.
ხედავთ, ამის საფრთხეს? არსებობს ამის ალბათობა? ვიცით, რომ თუნდაც, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება. თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის აზრით, სად ვიქნებით, დასავლური ერების გვერდით და ცივილიზებულ სამყაროსთან, თუ ვიქნებით ამ ყველაფრისგან გარიყული და რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდებით?
არ მგონია, რომ დღეს გაგვრიყონ. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ბევრი (სიტყვიერი, თუ საქმითი) შეცდომების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უფრო მაღალ დონეზე და უფრო შორსმჭვრეტელი. ამ რეგიონის მიმართ, დიდი ინტერესია, რისი მაჩვენებელიც იყო ერთ წელიწადში, საქართველოში შარლ მიშელის სამჯერ ჩამოსვლა. რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებულია რუსეთი, რეგიონის მნიშვნელობაც იზრდება და მგონია, რომ ეს სათანადოდ იქნება შეფასებული და ამასაც ექნება თავისი გავლენა ბოლო გადაწყვეტილებაზე.
ქალბატონო, პრეზიდენტო, ახლა ცოტა ოპოზიციაზეც ვისაუბროთ. პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას თქვით, რომ „ოპოზიცია სცოდავს, როდესაც ბრიუსელში, კიევსა და შეერთებულ შტატებში მცდელობები აქვს საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ისე წარმოაჩინოს, თითქოს ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს არც ევროკავშირში წევრობას, არც ნატოს და შეერთებული შტატების პარტნიორობას“. ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, რამდენად იზიარებთ „ქართული ოცნების“ გუნდის ბრალდებებს ოპოზიციის მისამართით, რომ ევროპულ გზაზე მთავარი დაბრკოლება დღეს სწორედ ოპოზიციაა და მისი ნაბიჯები. თითქოს, მზადდება ფონი, რომ თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ეს დაბრალდეს ოპოზიციას...
მთავარი მაინც ხელისუფლებაა. შენ ხარ ხელისუფლება და შენ იღებ გადაწყვეტილებებს, შენ გაქვს მთავარი პასუხისმგებლობა. ამასთან, ნათელია, რომ ოპოზიცია სარგებლობს ყველა იმ შეცდომით, რომ იაროს ბრიუსელში. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ჩადის. მე მგონი, იმის დრო არ არის, რომ ევროპელებს მივცეთ განცდა, რომ ყველა ქართველი იქ [ევროპაში] არის - ვინ ვინ არის და ვინ ვისზე ამბობს ცუდს - ასეთი სურათი ჩვენ არ წაგვადგება. თუმცა, ოპოზიცია სარგებლობს შეცდომებით და იქ, აკეთებს აპელირებას იმაზე, რომ ვითომ ეს იყოს მხოლოდ მთავრობა [მთავრობის შეცდომა] და ამას გავლენა არ ჰქონდეს ქვეყნის რეპუტაციაზე.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიცია ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს და აფერხებს მას?
მიზეზი რომ არ იყოს, ვერ გაიტანდნენ. ამიტომ, მიზეზიც არ უნდა მისცე, მაგრამ გააქვთ და ჰგონიათ, რომ ამას მხოლოდ მთავრობაზე აქვს შედეგი. მას შედეგი აქვს ქვეყანაზეც და მის რეპუტაციაზეც. პარლამენტშიც ვთქვი, ორივე სცოდავს, მაგრამ ჩემი სიტყვის მთავარი პათოსი რაც დაავიწყდათ, იყო ის, რომ ჩვენ გვევალებოდა და ამ მომენტშიც ერთიანობა გვევალება. რა იყო დარჩენილი? ერთი-ორი თვე! ახლაც ასეა, ერთი თვე რჩება და ნუთუ არ შეგვიძლია, რომ ამ პერიოდში, ამ მიზნის მისაღწევად ერთიანნი ვიყოთ? მე მგონი, მთელი მოსახლეობა ელოდება იმას, რომ ვაჩვენოთ საკუთარ თავს, ჩვენს მოსახლეობას და გარეთ, რომ საქართველომ იცის, რა უნდა, შეუძლია, ცოტა ხნით მაინც გვერდზე გადადოს ის პოლიტიკური დაპირისპირება, (მერე დავუბრუნდეთ ამ დაპირისპირებას), მაგრამ დღეს ერთიანობაა საჭირო.
ეს დადებითად ბევრ რამეს შეცვლიდა? ბუნებრივია, ვისურვებდით, რომ პარტნიორების გადაწყვეტილება დადებითი იყოს, მაგრამ თუ ამ ეტაპზე ეს ასე არ იქნება, ვის მოეთხოვება პასუხი, ეს იქნება „ქართული ოცნება“, თუ მათ შორის ოპოზიციაც. თქვენი აზრით, ასეთ შედეგს რა შეიძლება მოჰყვეს ქართული საზოგადოების მხრიდანაც?
რომელ შედეგს? ჩვენ არ ვიცით, რა შედეგი იქნება და ამაზე წინასწარ მსჯელობა ძალიან ძნელია. ყველა საუბრობს იმაზე მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს. თვითონ ევროკავშირში ჯერ ნათელი არ არის, რა ფორმატზე შეთანხმდებიან და მიდის მსჯელობა ფორმატზე - სამივე ქვეყანა ერთად იქნება განხილული, თუ არა, ეს იქნება ნამდვილად კანდიდატის [სტატუსის] მინიჭება, თუ სხვა ახალი შექმნილი პოლიტიკური ფორმატი. ბევრ რამეზეა საუბარი. ასე რომ, თეთრი და შავი ალბათ, არ იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკუთარ თავში არ ჩავიხედოთ და არ დავფიქრდეთ.
ქალბატონო, პრეზიდენტო, მინდა გკითხოთ, „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაზეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ კრიტიკული განცხადება გაავრცელა. „სახალხო პარტია“ ამბობს, რომ „საქართველოში არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ კარგ მმართველობას ძირი გამოუთხარა და დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივი რღვევა გამოიწვია“. ზუსტად ასეთი პათოსით არის გამსჭვალული ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადება, რომელიც ბრიუსელიდან მოდის. განცხადების და კრიტიკის ადრესატი, საქართველოს ხელისუფლება, ევროპიდან მათი მისამართით გაკეთებულ კრიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენებით და კონტაქტებით ხსნის. რას ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი იმ ყველაფერზე, რაც ევროპიდან გვესმის? რამდენად მარტივია პარტნიორების მოსაზრებაზე გავლენის მოხდენა?
თუ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ იყოს ასეთი კრიტიკული განწყობა, საჭიროა მეტი მუშაობა ევროპარლამენტარებთან, ბრიუსელში, პიარზე, რომ ვაჩვენოთ, რა არის რეალურად საქართველოს დღევანდელი სახე, რაც გვინდა, რომ გავიტანოთ. ჩვენ იმათ კი არ უნდა ვაკრიტიკებდეთ, უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ, ან რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ არ დავიმსახუროთ კრიტიკა, ან თუ ვთვლით, რომ არ არის დამსახურებული, ჩვენ ვერ ავხსენით, ან არ ავხსენით, არ იყო მიტანილი სწორ ადრესატებამდე ის რეალობა, რომლის წარდგენაც გვინდოდა.
არაფორმალურ და ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბრობს „ევროპის სახალხო პარტია“. თქვენ თუ ხედავთ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გავლენებს, თუ ხედავთ მის გავლენას „ქართული ოცნების“ ნაბიჯებში, ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში?
მე ვერაფერს ვერ ვხედავ, მართალი გითხრათ, რადგან ივანიშვილი არ მინახავს წელიწადნახევარია, აზრზე არ ვარ, ვისთან არის, ან არ არის კონტაქტში, რა შეიძლება იყოს მისი გავლენა, ან არ გავლენა.
მინდა გკითხოთ შარლ მიშელის შეთანხმებაზე, რომელსაც გასული წლის 19 აპრილს მოეწერა ხელი სწორედ თქვენთან, პრეზიდენტის სასახლეში. „ქართული ოცნება“ გასულია ამ დოკუმენტიდან და ამ დრომდე უარს აცხადებს ვალდებულებების შესრულებაზე. ეს ისეთი საკითხებია, რომელიც გულისხმობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნას, რომლის მიმართ ნდობა ნებისმიერ მოქალაქეს ექნება, ასევე ჰაერშია დარჩენილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ცდილობს „ქართული ოცნება“ ამ პრობლემური საკითხებისთვის წერტილის დასმას?
მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს დოკუმენტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ სასახლეში პრაქტიკულად ყველა პარტია იყო წარმოდგენილი, რომელიც უნდა იყოს შეთანხმებული ასეთ დოკუმენტზე და სამწუხაროა, რომ შემდეგ ამ დოკუმენტის ანულირება გამოცხადდა. დარწმუნებული ვარ, რომ დრო გავიდა და ალბათ შეცვლილი ფორმით, მაგრამ ამ შეთანხმების მთავარი ელემენტები რჩება იმ საკითხებად, რაზეც მომავალში შეთანხმება უნდა შედგეს, თუ ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ იქნება ფორმატი მოპოვებული, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც დადებითი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც მოითხოვს, რომ შემდგომ იყოს შესრულებული რაღაც პირობები. ამ პირობებში, უსათუოდ ფიგურირებს შარლ მიშელის ე.წ. დოკუმენტის-შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ გადადებულია და არ არის დავიწყებული.
შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლის მიზეზებთან დაკავშირებით, საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილში, პოლიტიკური სპექტრია თუ საექსპერტო წრეები, არის შეფასებები, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. თქვენ თუ ხედავთ მსგავს ნიშნებს და მცდელობებს „ქართული ოცნების“ მხრიდან?
მე არ მაინტერესებს „ქართულმა ოცნებამ“ რატომ გააკეთა და რატომ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, მე მაინტერესებს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მყარად ვიდგეთ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ჩემთვის მთავარი პრინციპია, ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში და მე ვთვლი ერთგვარად, რომ მე აქ ვარ ამისთვის, მე მაინტერესებს, რომ ჩვენ ყველამ ვიმოქმედოთ. არ მაინტერესებს შეფასებები, კრიტიკა კრიტიკისთვის, ან ვეცადო, რომ გავიგო რა უდევს თავში რომელიმეს. ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული ამ ნაბიჯების მიმართ და უნდა შევიგნოთ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებელი და გარდაუვალია. მოგვწონს, არ მოგვწონს, ვთვლით, რომ ვიღაცას ასუსტებს, თუ აძლიერებს, ეს გადასადგმელი ნაბიჯებია და აუცილებელია.
როგორ ფიქრობთ, ვინ ქმნის „ქართულ ოცნებაში“ დაბრკოლებას, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგას? ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, თუ ვინმე სხვა?
პირადად ჩემი პოზიციაა, რომ გასაკეთებელია. მე ნუ მთხოვთ ვიღაცას რაღაც დავაბრალო. ჩვენ უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ნებისმიერი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიმავალი ქვეყნისთვის მისაღები იქნება. ზოგჯერ რთულია რეფორმა, ზოგჯერ მტკივნეულია. ზოგჯერ რომელიმე პარტიას აწყობს, ან არ აწყობს, მაგრამ ეს გასაკეთებელი იქნება!
ამჯერად თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გკითხავთ, რომელიც სასამართლო სისტემას შეეხება და 26 მაისს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთეთ. თავისუფლების მოედანზე, თქვენ ასეთი რამ თქვით: „სამართლიანი სასამართლო საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“. თქვენს ამ განცხადებას მაშინვე მოჰყვა ირაკლი კობახიძის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება, რომელმაც მას „სამარცხვინო“ უწოდა. გუშინ მან გააკეთა განცხადება, რომ ამ ტიპის ბრალდებას არგუმენტები სჭირდება. მოდით, გვითხარით, რა არგუმენტებით ამყარებთ ამ პოზიციას, რომ სამართლიანი სასამართლოს მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვუვლით. ზოგადად, რამდენად იზიარებთ საყოველთაო მოსაზრებას, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიზირებულია და ე.წ. კლანის მიერ არის მართული?
მე ნამდვილად არ ვაკეთებ ასეთ შეფასებებს. ჩემი დასკვნა სასამართლოზე და შეფასება ზოგადად, არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები. ჩემთვის სამარცხვინოა, რომ სასამართლო კუთხით, ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას დღეს სხვები, ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ საჭიროა რეფორმა, კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული სასამართლო სისტემა და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიაროთ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯებით. ჩვენ უკვე ჩვენით უნდა მივსულიყავით იმ დონეზე, რაც ევროპული დონეა.
ახლა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და იმ პოზიციონირებაზე ვისაუბროთ, რასაც საქართველოს მთავრობის მხრიდან ვხედავთ. 100 დღე სრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომიდან. მოდით, შეაფასეთ ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს და ასევე ის ნაბიჯები, რაც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ. რამდენად იზიარებთ, მოსაზრებას, რომ იგივე უკრაინის მხარდასაჭერად შესაძლებელი იყო მეტის გაკეთება?
ქვეყანამ, მოსახლეობამ, საზოგადოებამ, უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადა და ეს მთავარია! არ შეიძლება ჩვენ ამ ქვეყნის მიმართ მთლიანად სოლიდარული არ ვიყოთ, რომელიც დღეს იმავე პირობებშია უფრო ხანგრძლივად, რომელშიც ჩვენ ვიყავით. ეს ასი დღე ძალიან მძიმე ასი დღეა და უკრაინამ მსოფლიოს ბრძოლის, შემართების, თანმიმდევრობისა და გამძლეობის დიდი მაგალითი უჩვენა. ამას ქართველები რომ უყურებენ, აფასებენ სრულად. ქვეყანამ გამოიჩინა მხარდაჭერა ბევრი კუთხით. მართალია, სხვანაირად ვლაპარაკობთ, მაგრამ სანქციების ნაწილში მიღებული იქნა ის ფინანსური სანქციები, რომელიც ყველაზე მძიმეა და რომელიც ყველას ევალება, ჩვენც ვართ ამისი ნაწილი.
შენიშვნები რა გაქვთ? თქვენი სიტყვებია: „ჩვენ გვევალება არამარტო უკრაინელების ტკივილის გაზიარება, არამედ მათი ტოტალური სოლიდარობა“. რა ნაბიჯებს მოიცავს ეს „ტოტალური სოლიდარობა“?
მორალური სოლიდარობა. არავინ არ გვთხოვს იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, მაგრამ გვევალება [უკრაინის მიმართ] მორალური სოლიდარობა. ერთ მაგალითს გეტყვით, ევროპაში იმ მცირერიცხოვანი ქვეყნიდან, ჩვენ ალბათ ერთ-ერთი ვართ, რომლის პარლამენტშიც ზელენსკის სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ეს ხომ არაფერს ითხოვს სხვას გარდა ტოტალური, მორალური სოლიდარობისა?!
ვინ იყო თქვენი განცხადების ადრესატი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის მისამართით იყო თქვენი მესიჯი, როდესაც ტოტალური სოლიდარობის გამოვლინებაზე საუბრობდით?
ვინც უნდა ისე გაიგებს. მე ვაფასებ პოლიტიკას და ფაქტებს. თქვენ გინდათ, რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ? ვინც მიიღებს ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში! ყველასთვის ძალიან გასაგებია. გუშინ ლუქსემბურგის პარლამენტის წინაშე გამოვიდა, ასევე, მგონია, ეს ჩემი შეხედულებაა, რომ 26 მაისს, რომელიც ევროინტეგრაციის ეგიდის ქვეშ იყო ჩატარებული, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული და ქართული დროშა, შეიძლება ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვას დროშაც.
ხომ არ შეგითავაზებიათ ეს იდეა საპარლამენტო გუნდისთვის?
არ აქვს მნიშვნელობა შემითავაზებია თუ არა ეს, მმართველი გუნდისთვის. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით, უკრაინა დღევანდელი ევროინტეგრაციის აჩქარებული პროცესის მთავარი მიზეზია. რატომ არის ეს პროცესი აჩქარებული, ალბათ, ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერები.
თქვენ თავი შეიკავეთ შეკითხვაზე პასუხისგან. საინტერესოა, ხომ არ არის ის შემთხვევა, როდესაც „დუმილი თანხმობის ნიშანია“. ვგულისხმობ, პარლამენტის ფასადზე უკრაინის და მოლდოვას დროშების გადმოფენის თაობაზე კითხვას...
არ მითქვამს არც შეთავაზება, არც ინიციატივა და არც დუმილი.
კარგი, ალბათ, საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს. მინდა გკითხოთ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე. პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მან თქვა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების პირობებს იცავს, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესებას. თქვენი ინფორმაციით, რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით? როგორც პრეზიდენტი, როგორ აფასებთ იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან მიმართებაში?
ჩვენ არავინ გვთხოვს ეროვნულ სანქციებს. ევროპაში ძალიან ბევრ ქვეყანაში, არ აქვთ ეროვნული სანქციები დამატებული, იმ მთავარ სანქციებთან ერთად, რომელიც არის ის ფინანსური სანქციები და ადამიანების სია, რომელთაც ევროპის ტერიტორიაზე არ უშვებენ. ჩვენ რატომღაც საჭიროდ ვთვლით უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე, რაზეც ჩვენთან დაკავშირებით მოთხოვნა არ არის. არ მესმის, რატომაა საჭირო, რომ ჩვენ წინსწრებით რაღაცებს ვაცხადებდეთ?! ჩვენს მიმართ დამატებითი სანქციების არანაირი მოთხოვნა არ არის, ასევე, არ არის მოთხოვნა ჩვენი პარტნიორებისგან მეორე ფრონტის გახსნაზე. ზოგიერთი, მთავრობაში მყოფი უკრაინელისაგან ამის სურვილი გასაგებია, როცა ომში ხარ და გინდა, რომ ამ სიტუაციაში გამარჯვებული იყო, საიდანმე ეძებდე რაღაცა ფორმის შვებას, - შეიძლება რაღაცეები თქვა, მაგრამ საუბარი, რომ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა არის - ეს არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან, არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა ძალიან დამაზიანებელია ჩვენთვის, ყველასთვის. ვიცით, რომ მეორე ფრონტის გახსნის არც საშუალება და არც სურვილი არ გვაქვს, რადგან ჩვენ სხვა პოლიტიკა გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და არ არის საჭირო ამ თემით აპელირება და მანიპულირება.
სწორედ ანტიამერიკულმა რიტორიკამ გაიჟღერა ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მხრიდან თანხების გადარიცხვის შეფერხების კონტექსტში. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არა, მაგრამ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების მხრიდან გაისმა შეფასებები, რომ ამ ყველაფრის უკან შესაძლოა, შეერთებული შტატები იდგეს.
არ ვიცი, არავის დაუდია ფაქტები იმისა, რომ რეალურად რაღაც შეფერხებაა და ეს კიდევ სხვა, გაზვიადებული თემებია. არ მგონია, რომ ეს სერიოზული იყოს. მე ვსაუბრობ სერიოზულ საკითხზე, როგორიცაა მეორე ფრონტისა, თუ ომის თემები. არ არსებობს მეორე ფრონტის საფრთხე, არ არსებობს ომის პარტია თუ პარტიები საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ შეგვიძლია მორალურად სოლიდარული ვიყოთ უკრაინასთან.
რადგან ბიძინა ივანიშვილი ვახსენეთ, მის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე გკითხავთ. საქართველოს პრეზიდენტის შეფასების მოსმენა ძალიან საინტერესოა. როგორც გაირკვა, ივანიშვილისთვის სწორედ თანხების გადარიცხვის შეფერხებას ჰქონდა ადგილი შვეიცარიული ბანკის მხრიდან. პარალელურად, მისი ადვოკატის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სხვა საეჭვო“ ფაქტებიც დაფიქსირდა - საუბარი იყო ხელოვნების ნიმუშების გადაადგილების შეფერხებაზე და გერმანიაში შეძენილი ვერტმფრენის ტრანსპორტირებაში პრობლების შექმნაზე. რა შეიძლება ხდებოდეს? ამ შემთხვევაში რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
თქვენ მთხოვთ იმ ფაქტების შეფასებას, რომელიც არავინ ვიცით: - რა ხდება რეალურად, რა შეფერხებებია, რატომ არის ეს შეფერხებები. მე რატომ უნდა შევაფასო ბატონი ივანიშვილის ფინანსური ურთიერთობაა თავის ბანკირებთან.
იცით, რატომ გეკითხებით? - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ვიცით, რომ დასავლეთმა სანქციები აამოქმედა რუსი ოლიგარქების მიმართ. არამხოლოდ რუსი ოლიგარქების, ზოგადად დაიწყო მკაცრი კონტროლი რუსული წარმომავლობის ფულთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა შეფასებები, რომ შესაძლოა, სანქციების სიაში აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილი. ამ ტიპის ალბათობას რამდენად ხედავთ?
ამას შეფასებები არ ჰქვია. გაჩნდა ალბათობა, რაღაც ეჭვები, რომლითაც მედია სპეკულირებს. მე პრეზიდენტი ვარ და არ შემიძლია დავიწყო სპეკულირება და ეჭვები [გამოვთქვა]. არ მაქვს ინფორმაცია, არსად გაჟღერებულა, რომ რამე სანქციებია დაწესებული ბიძინა ივანიშვილზე. თუ ეს იქნება, მაშინ შევაფასებ ამ სიტუაციას, მაგრამ დღეს ასეთი რამ არ არსებობს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომლისგანაც უნდა მოისმინოთ სპეკულაციები და ეჭვები.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში უმაღლეს მთავარსარდალს მხოლოდ ცერემონიალური დატვირთვა აქვს, თუმცა, მე მაინც როგორც უმღლეს მთავარსარდალს მინდა გკითხოთ - რამდენად ხედავთ იმის საჭიროებას, რომ საქართველომ იმუშაოს პარტნიორებთან თავდაცვითი შეიარაღების მიღებასა და შესყიდვაზე. როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, რა ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ამ თვალსაზრისით საზოგადოებისთვის. თუ გვაქვს ამ ტიპის აქტიურობა პარტნიორ სახელმწიფოებთან?
ნამდვილად გვაქვს, ვმუშაობთ ამაზე. ეს არის ჩვენი თავდაცვითი სტრატეგია და ყველა ძალ-ღონე მაქსიმალურად ორიენტირებულია ამ მიმართულებით. აქ არანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მაქსიმალურად ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და ჩვენი პარტნიორების დახმარებით.
მთავრობასა და „ქართულ ოცნებასთან“ თქვენს ურთიერთობაზეც მინდა გკითხოთ. აშკარად ჩანს ნიშნები, რომ თქვენს შორის ყველაფერი რიგზე არ არის. ხომ არ შეიძლება მივიღოთ მოცემულობა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მისი მხარდაჭერით არჩეული უკვე მეორე პრეზიდენტი შესაძლოა, გაემიჯნოს და „მარგველაშვილის სცენარის“ განმეორება მივიღოთ? რა ურთიერთობაა თქვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. ეს არის უბრალოდ გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, ეს არის უფრო დაპირისპირება, თუ უფრო ღრმა, განხეთქილება?
ეს არის ნორმა, მართალია და არაერთხელ მითქვამს, რომ „ოცნების“ მხარდაჭერით ვიყავი არჩეული, პირველივე დღიდან ნათელი იყო, თუმცა ზოგიერთს არ სჯეროდა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი, ზეპარტიული, არ ვარ არცერთი პარტიის ხელში, არც მის ინსტრუქციებს არ ვიღებ და არც მაინცდამაინც ვალდებული ვარ მათთან მქონდეს გაზიარებული შეფასებები და პოლიტიკური ხედვა. კარგია ქვეყანაში თუ არის მრავალფეროვნება. პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავის აზრს ამბობდეს სხვადასხვა საკითხზე და ყველა ამას უნდა შეეგუოს.
ახლა რა ურთიერთობა გაქვთ? რამდენად ახერხებთ საერთო ენის გამონახვას მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში ირაკლი ღარიბაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან? საინტერესოა, რას ფიქრობთ მათზეც - პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეზე, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირებზე, ვისზეც მოდის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა...
როგორ წარმოგიდგენიათ, მე მალაპარაკებთ პიროვნულად პრემიერზე?
სწორედ მათი მხრიდან მოდის თქვენი მისამართით კრიტიკა გარკვეულ საკითხზე. ამ შემთხვევაში ამიტომ ვუსვამ ხაზს პერსონალურად მათ ფაქტორს.
მე პერსონალურად არავისზე არასდროს ვსაუბრობ. არ ვპასუხობ არცერთ კრიტიკას თუ შეურაცხყოფას, ეს ჩემი პირადი პოზიციაა. ეს პოზიცია მქონდა ოპოზიციასთან და ეს მაქვს „ოცნებასთან“. ჩემი მთავარი მიმართულება არის, რომ ის პრინციპები, რომელზეც ვდგავართ და რომელიც წერია კონსტიტუციაში, ამ მიმართულებით ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანები. თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, შეცდომები და არათანმიმდევრული ნაბიჯები, მგონია, უნდა დავუბრუნდეთ ამ ნაბიჯებს და ყველამ ერთად ვიმუშაოთ. შეიძლება იყოს პირადი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არ უნდა გადაიქცეს თავისთავად პოლიტიკურ პრობლემად. ამ ქვეყანას მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს - ჩვენ მივაღწიოთ იმ ჩვენს მიზნებს, ამისთვის კი, მაქსიმალური ერთიანობაა საჭირო.
ორ თემაზე ერთად დაგისვამთ შემდეგ შეკითხვას, ვინაიდან აღარ გვაქვს ამ თემების გაშლის შესაძლებლობა, ჩვენი გადაცემის დრო შეზღუდულია, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის დარღვევაში გადანაშაულებთ 2 საკითხთან მიმართებაში. ერთი ეს იყო შეუთანხმებელი ვიზიტები სხვადასხვა დედაქალაქში და მეორე ეს იყო ელჩების დანიშვნა, რომელზეც მთავრობის ინფორმაციით, თქვენ უარი თქვით. „ქართული ოცნება“ აპირებს თქვენს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას ელჩების საკითხთან მიმართებაში. მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ - ეს ერთი და მეორე, რაც ეხება ვიზიტებს, ახლა რა სიტუაცია გაქვთ, რამდენად მოხსნილია ვიზიტების განხორციელებაზე ბარიერი, თუ იგივე პრობლემებს აწყდებით მთავრობასთან მიმართებაში?
როგორც ჩანს, ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვან მომენტში და ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე ერთჯერადი იყო. ამას მოჰყვა ჩვენი კანდიდატურის წარდგენა. მგონი, საბოლოოდ, ყველამ შეაფასა, რომ სწორი და საჭირო ვიზიტი იყო. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს და შემდეგ ეტაპს, მე დიდი ინტერესით ველოდები რა იქნება. თუ საკონსტიტუციო სასამართლოდან იქნება კომპეტენციების გამიჯვნა, ახსნა და დაზუსტება, ალბათ, ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება ელჩებს, ამაზე ჟურნალისტების კითხვებს წერილობით, დეტალურად არაერთხელ ვუპასუხეთ, თუ როდის შემოვიდა ფორმალური წარდგენები და რა პასუხი იყო გაცემული. 100%-დან 100% იყო დაკმაყოფილებული.
გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ საკითხზე, რომელიც ამჯერად საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და პატიმრობას უკავშირდება. იცით, რომ ოჯახიც და გუნდიც სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანას ითხოვს მკურნალობის მიზნით, რაზეც „ქართულ ოცნებას“ საკუთარი პოზიცია აქვს და ფიქრობს, რომ ეს არ არის საჭირო, ამ გზით მიხეილ სააკაშვილი სასჯელის არიდებას ფიქრობს. საინტერესოა, რას ფიქრობს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედი პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე?
ჩემი პოზიცია იცით შეწყალებაზე და აღარ გავიმეორებ. აქაც მთავარი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის არდამატებაა. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მიმართ კითხვები, თუ ის არსებობს, ყველა პასუხგაცემული იყოს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ სათანადო ყურადღება იყოს. გამოვთქვი აზრი, რომ ალბათ, საჭირო იყო გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, რაც შემდეგ მოხდა და ეს ძალიან კარგია. მე ვერ ვიტყვი წინასწარ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ მაინცდამაინც ამ ქვეყანაში არ არსებობს სათანადო მკურნალობის არანაირი საშუალებები. თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ რაღაც მიზეზების გამო, არ არის საშუალება იყოს მიღებული საჭირო მკურნალობა, მაშინ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ამას უპასუხოს - ან სხვაგან გაყვანით, ან ვიღაცის ჩამოყვანით. საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს.
შეწყალებაზე თქვენი პოზიცია ცნობილია, მაგრამ მინდა მაინც დაგისვათ ერთი შეკითხვა და რატომ - მიხეილ სააკაშვილის თემა არ არის მხოლოდ შიდაპოლიტიკური საკითხი, ის გასცდა საქართველოს ფარგლებს და ევროპის დედაქალაქებშიც კი ამაზე საუბრობენ. საუბრობენ საკმაოდ კრიტიკულად. მინდა გკითხოთ, მოვლენების განვითარებამ და პროცესების განვითარებამ რამდენად შეიძლება შეგაცვლევინოთ პოზიცია: „არა და არასდროს“. მეორე, თქვენ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის დასაცხრობად რამდენიმე წლის წინ, მაშინ, როდესაც მაღალი იყო პოლიტიკური ტემპერატურა, ერთხელ მიიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება პატიმარ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, უგულავას და ოქრუაშვილს ვგულისხმობ. მიიღეთ მიუხედავად იმისა, რომ არ მიიჩნევდით პოლიტპატიმრებად. რატომ არის სააკაშვილი თქვენთვის „წითელი ხაზი“, რამდენად უკავშირდება მიზეზი მხოლოდ იმას, რომ მისმა გათავისუფლებამ, შესაძლოა, გააღრმავოს პოლარიზაცია და არა შეამციროს?
თუ იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს უაღრესი დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი იქნება. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. იმ ძალიან მძიმე წლებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებას ახსოვს, მე არ შეიძლება ვიყო იმის მონაწილე, რამაც შეიძლება ქვეყანაში კიდევ უფრო გააღრმაოს პოლარიზაცია.
ნიკა გვარამიას საქმეზეც გკითხავთ. ის არის კიდევ ერთი პატიმარი, რომლის პატიმრობის მიმართაც კითხვები არსებობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. რამდენად იზიარებთ შეფასებებს, რომ იმის გამო, რა ბრალდებაც გვარამიას წინააღმდეგ იყო წარდგენილი, არ შეიძლებოდა მას საპატიმრო სასჯელი შეფარდებოდა...
ამის თქმა ასე არ შეიძლება. ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მე არ მაქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ შეფასება მქონდეს რასაც მთხოვთ.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციური არხის დამფუძნებელსა და ხელისუფლებისთვის არასასურველ პიროვნებაზე, როგორც პრეზიდენტს, კითხვები ხომ არ გიჩნდებათ ?
მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, პოლიტიკურად არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, რაც ყველამ იცის, რომ იყო სასჯელის სხვადასხვა ვარიანტები, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ.
შექმნილი სიტუაციის განსამუხტად თქვენ რამდენიმე თვის წინ წამოიწყეთ პროცესი, რომლის მიზანია ეროვნული თანხმობის მიღწევა. თქვენივე სიტყვებია, რომ ამ პროცესში საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი როლი უნდა შეასრულოს. თქვენი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, თუნდაც რიგითი მოქალაქის როლი რა არის ამ პროცესში, გარდა შეხვედრების ორგანიზებისა. პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში თქვენს წვლილს და როლს იმ მექანიზმის გამოყენებაში ხედავენ, რომელიც თქვენს ხელთ არის და შეწყალების მექანიზმი ჰქვია...
მხოლოდ ეს არის ჩემს ხელთ? ჩემ ხელთ არის მთავარი, რომ ქვეყანაში შეიქმნას ერთიანობა ჩვენს მთავარ მიზანზე, ევროპული ინტეგრაციის საკითხზე. ამისთვის შესაძლოა, ხელახლა შევიკრიბოთ, ახლიდან მივიღოთ შარლ მიშელისმაგვარი დოკუმენტი, როგორც უკვე მოვიწვიე ყველა საპარლამენტო პარტია და მოაწერეს ხელი. ეს არის პრეზიდენტის როლი. პრეზიდენტის, როლი, რომელიც მხოლოდ შეწყალებით შემოიფარგლება მგონი, ცოტა არასწორია.
მინდა ბოლოს მნიშვნელოვან თემაზე დაგისვათ შეკითხვა, რომელიც არ ეხება პოლიტიკას, მაგრამ ეხება საზოგადოებას და განსაკუთრებით ქალებს. ბოლო პერიოდში მოხშირდა ქალებზე ძალადობის, ქალთა დაჭრის შემთხვევები, მათ შორის, მსგავსი ფაქტები ვნახეთ დღისით, მზისით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზეც კი. თქვენ რამდენიმე დღის წინ თქვით, რომ მსგავსი ფაქტები სირცხვილია. ხომ არ ფიქრობს პრეზიდენტი, რომ არ ხდება შესაბამისი უწყებების მხრიდან კრიმინოგენური ვითარების ისეთი კონტროლი, როგორიც უნდა ხდებოდეს. ამ თვალსაზრისით რაიმე შენიშვნა ხომ არ გაქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან?
ქალებზე ძალადობის საკითხი ძალიან მტკივნეულია და მოითხოვს უფრო ფართო ხედვას, ვიდრე მხოლოდ ის, როგორ გავამკაცროთ კონტროლი, ეს არ იქნება საკმარისი. კანონის გამკაცრებაც შეიძლება რაღაცა ფორმით საჭირო იყოს. ამ თემაზე ვაპირებ, რომ შევკრიბო იურისტები და გავიაროთ. მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბევრად უფრო ღრმა პრობლემა. ამიტომ დავიწყე თანხმობის პროცესი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც სიძულვილის ქვეყანაა, სიძულვილის ენის, ერთმანეთის ვერატანის, დაპირისპირების, რაც ქმნის იმ ძალიან მძიმე აურას და დაძაბულობას, რომელიც ქუჩაშიც იგრძნობა. ეს თუ არ დავძლიეთ, რა კანონიც გინდათ მიიღეთ, გაამკაცრეთ პოლიციელების კონტროლი და ა.შ. მაინც ვერ მივიღებთ შედეგს. პრობლემა ჩვენშია და ეს პრობლემა სიღრმისეულად უნდა გადავჭრათ. ეს იწყება განათლების სისტემით, სკოლაში, ოჯახში, ტელეეკრანებზე, სადაც არ შეიძლება იყოს ასეთი მუდმივად დაძაბული გარემო, რომელიც ყველაზე გადადის. ზოგიერთი ადამიანი ამას ნაკლებად უძლებს და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ეს ძალიან მტკივნეულია საზოგადოებისთვის, რადგან ეს არ არის ჩვენი ტრადიცია.
მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთვის დათმობილი დროისთვის, იმისთვის, რომ პასუხობდით კითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში ჩნდება.
მადლობა თქვენ აქ მობრძანებისთვის.