საქართველოს პრეზიდენტი დღეს ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებს უწევდნენ მონიტორინგს.
დამკვირვებლებმა პრეზიდენტს არჩევნების დღეს არსებული დარღვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და პირადი ისტორიები გაუზიარეს.
პრეზიდენტმა გაწეული სამუშაოსა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადა.
,,მინდა თქვენ ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ თქვენი მომავლისა და თქვენი ქვეყნისთვის, რადგან რეალურად თქვენ ამ ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფლანგზე იმყოფებოდით, თქვენ იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს.
ყველამ ვიცით, ყველამ ვნახეთ და ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ამ არჩევნებზე ყველაზე მთავარი პრინციპები იქნა დარღვეული და არჩევნები არ შედგა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ის პირველადი მტკიცებულებები, ის, რაც თქვენ თქვენი თვალით ნახეთ; ის, რაც დაწერეთ და ისიც, რაც ვერ დაწერეთ და შეინახეთ - ეს მეხსიერება ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ დარბაზს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით იმაში, რომ ამდენი სხვადასხვა ფორმით, ამდენი სხვადასხვა გამოცდილება არის ის, რაც საფუძველს უქმნის ყველა იმ მტკიცებულებას, რაც ჩვენ პირველი დღიდან გვაქვს. თქვენ ის ცოცხალი მოწმეები ხართ, რომლებიც არსად წავლენ და რომლებიც დარჩებიან როგორც ყველაზე მთავარი მტკიცებულება. ეს თქვენი გამოცდილება არსად არ დაიკარგება, რადგან შედგება ახალი არჩევნები - როდის და როგორ ამას ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ შედგება ეს არჩევნები, რადგან 26 ოქტომბრის არჩევნები არ შედგა და ამას არავინ შეეგუება, ამიტომ თქვენი გამოცდილება, თქვენი ხვალინდელი ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც ხვალინდელ არჩევნებში ყველაზე კარგად დაიცავთ ჩვენს ხმებს, უკვე იცით რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თუმცა, ალბათ, კიდევ იქნება ცვლილებები შეტანილი, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი რამაა, რაც ვერ დავინახეთ, წინასწარ არ დავაზღვიეთ, ალბათ, ძალიან თვითდაჯერებულები ვიყავით.. და ესეც შექმნილი სიტუაცია იყო და ეს ყველაფერი აღარ უნდა დავუშვათ. ყველაფერს თავისი გამოცდილება სჭირდება და თქვენი გამოცდილება მართლაც ფასდაუდებელია.
მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი პირადი სახელით, სანამ რამდენიმე პარასკევი კიდევ მაქვს დარჩენილი, ჩემი პირადი სახელი ეს ასევე საზოგადოების სახელიცაა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ ქვეყნის სახელით."
შეხვედრა გაიმართა სადამკვირვებლო მისიის ,,ჩემი ხმა ევროკავშირს” ორგანიზებით და მასში მონაწილეობდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები: კოალიცია “ჩემი ხმა”, საია და სამართლიანი არჩევნები.