პრეზიდენტი - საქართველოსთვის ევროპული გზის გარდა, სხვა გზა არ არსებობს და ამაში ჩვენი მეგობრებიც დარწმუნებულნი არიან

საქართველოს პრეზიდენტი: 

უპირველესად, მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს, ევროპელი პარლამენტების დელეგაციას, რომლებიც რვა ქვეყანას წარმოადგენენ. ისინი საქართველოს ერთგული მეგობრები არიან და პირველივე დღეებიდან გვერდში უდგანან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მის ევროპულ გზას. თუკი, ჩვენ შარშან დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ეს ჩვენი მეგობრების დამსახურებაა, ისინი გვენდნენ და მოგვანიჭეს სტატუსი. ეს ნდობა უზრმაზარი ნაბიჯი იყო საქართველოსთვის. დღეს, როცა ვფიქრობ, სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ახლა, ძალიან მტკივა გული. ამ დროისათვის ეს დაკარგული შანსი, ჩვენ მეგობრებთან ერთად, ისევ ჩვენი მოსაპოვებელია. დღეს მათი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში, როცა საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შედის, კიდევ ერთხელ ევროპული მხარდაჭერის ნიშანია; ევროპა, რომ ხელს არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქაერთველოსი, საქართველოსი და მისი ხალხის ევროპულობის. საზოგადოებამ, ბოლო 33 წლის განმავლობაში, არაერთხელ და მრავალგზის გამოხატა საკუთარი პოზიცია. როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავალის იმედი ეჭვქვეშ დგებოდა, ყოველ ჯერზე საქართველოს მოსახლეობა გამოდიოდა, დღეს ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მათ 30 წელი პრაქტიკულად ქუჩაში გაატარეს და ყოველთვის აპროტესტებდნენ ხელისუფლების მიერ ნებისმიერ, დემოკრატიული პრინციპისგან გადახვევას.

ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება ევროპული და დემოკრატიულია, თუმცა სამწუხაროდ, მას არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება და ჰყავს ერთპარტული ხელისუფლება, რომელიც პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს დაეუფლა და ამ არჩევნებზე შედეგიც მივიღეთ - ეს იყო ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. 

ამიტომ არის, რომ ჩვენ კრიზისში შევდივართ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს. კრიზისი სახეზეა. ჩვენი მეგობრები აქ არიან, რათა ჩვენთან ერთად გამონახონ და ერთად მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო ამ კრიზისიდან გამოვიდეს და გამოვა კიდეც რაღაც მომენტში და სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ახალი, ლეგიტიმური პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ეს არის ჩვენი გზა, რომელიც არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. საქართველოსთვის სხვა გზა არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ, ჩვენთან ერთად არიან, ღრმად არიან დარწმუნებულნი.

დიდი მადლობა!

ახლა სიტყვას დავუთმობ მათ და შემდეგ შეძლებთ კითხვებით მიმართოთ.

 

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი:

მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო!

მივესალმები ყველას!

მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვიმყოფებით საქართველოში. ვსარგებლობ თქვენი სტუმართმოყვარეობით და მინდა გითხრათ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მმართველ პარტიას ჩვენი ნდობისათვის ძირის გამოთხრა სურს. ნათელი რომ ვიყო, ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენთ, ჩვენ გაგვაჩნია ძალზე განსხვავებული პოლიტიკური წარსული, იდეოლოგიური საფუძველი. ჩვენ წარმოვადგენთ 8 ქვეყანას, მაგრამ ყველა ვეკუთვნით ევროპას, ევროკავშირს. ჩვენ აქ ვიმყოფებით საქართველოს ხალხის მეგობრების რანგში, ჩვენ არ ვიმყოფებით აქ როგორც მტრები, ჩვენ არ ვართ აქ, იმისათვის, რომ რაღაც ბიძგი მივცეთ რეჟიმის ცვლილებას.

ვიცი, ზოგჯერ რთულია, როდესაც მეგობარი გაწუხებს, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ეს გავაკეთოთ, რადგან ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ეს ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და ნორმალური პრაქტიკაა. მაგალითად, ჩემი მეგობრები ერთვებიან პროცესში, როდესაც გერმანიაში რაღაც პრობლემები იქმნება. ჩვენ ვიხილავთ ჩვენი წევრი ქვეყნების მომავალს, ჩვენ ვცვლით ჩვენს პოზიციებს, ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს პოზიციებს, როცა საქმე ეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ამიტომ ვართ თავდადებული ევროპელები, ერთი ოჯახი და ოჯახი მრავალფეროვნებას ნიშნავს.

ჩვენ ვიმყოფებით აქ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სოლიდარობის ნიშნად, მათი სოლიდარობისათვის, ვინც მიიღწვის ევროკავშირისკენ და სწამს ღირებულებების - დემოკრატიისა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების.

ჩვენ, მაღალი რანგის პარლამენტარები, 8 სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან, სხვადასხვა პოლიტიკური ოჯახიდან ვართ. მცირე შეხსენება, მმართველი პარტია მიეკუთვნებოდა ჩემს პარტიულ ოჯახს, ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, მაგრამ სხვადასხვა მიზეის გამო შევუწყვიტეთ წევრობა. ჩვენ დღეს ვიმყოფებით აქ, რადგან ძალზე შეშფოთებულები ვართ ახლახან ჩატარებული არჩევნებითა და საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკით.

ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.  უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი, მიდიოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინებამ ოპოზიციის წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ, რამაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესს, დიდი კითხვები გააჩინა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელიც დაამტკიცა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს დამოუკიდებელმა მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ.

ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის და კანცლერ შოლცის მოწოდებას, ამ მძიმე ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიების შესახებ. დამოუკიდებელი ქართული გამოძიებაც კი, არ შეიძლება იყოს უზრუნვეყოფილი.  საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ვეროპული საბჭო, ეუთო და ევროკავშირი უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. სანამ ამ საკითხების გარკვევის გარეშე ამ საკითხებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ამ არჩევნებს ლეგიტიმურად ვერ აღიარებს.

თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათთვის, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელჩაკიდებული უნდა მიდიოდეს და ის, ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს მან შესაბამისი ფასიც უნდა გადაიხადოს: ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე, უვიზო რეჟიმის შეწყვეტა, რაც ვიცი ყველაზე დიდი მიღწევაა არამხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც, მაგრამ ეს სერიოზული სიტუაციაა და ჩვენ ყველა ინსტრუმენტი და დოკუმენტი უნდა დავდოთ მაგიდაზე, ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი აღიარებენ და აფასებენ ევროპულ ღირებულებებს: დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. თუ ამჯამინდელი ხელისუფლება გააგრძელებს ანტიევროპულ ტრაექტორიას და არ მოხდენს, მაგალითად, რუსული აგენტების კანონის გაუქმებას და გაგრძელებს ევროკავშირის პრინციპების ძირის გამოთხრას, ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუსაბამოა ევროკავშირის წევრობასთან.

ასე რომ, თუ თქვენი მთავრობა გეუბნებათ, რომ ერთი მხრივ, მოსახლეობა თქვენს ქვეყანაში მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებაზე ან სექსუალურ უმცირესობებზე წნეხს და მეორე მხრივ,  მთავრობა იზიარებს ევროკავშირისკენ მისწრაფებას, ეს არ არის მართალი. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ დავიწყოთ გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგი არამხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო სექტორთან და ოპოზიციასთან. სამწუხაროდ, მმართველ პარტიას და მთავრობას სურვილი არ ჰქონდა, რომ ჩვენ მივეღეთ. ეს გულდასაწყვეტია, რადგან დიალოგი მნიშვნელოვანია. თუ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ერთად უნდა დავსხდეთ და გავუზიაროთ ჩვენი აზრები ერთმანეთს. ეს არის ევროპული არსი და ამიტომაც ვიმყოფებით დღეს აქ.

 

 

სხვა სიახლეები