სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზე კი, ეკონომიკური განვითარება და ახალი რეგიონული გეგმები

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორბელიანების სასახლეში პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტი:

დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ სომხეთის პრეზიდენტს. არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია საზღვარგარეთ და მისი სურვილი იყო, რომ პირველი ვიზიტი საქართველოში შემდგარიყო. ეს ჩვენი მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ნიშანია, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. 

ასევე, ამ წელს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. ეს 30 წელი ჩვენი ქვეყნებისათვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობები მუდამ კეთილმეზობლურია, რაც ჩვენს საუკუნოვან ისტორიას ასახავს, რომელიც მეგობრულად, ურთიერთშეთავსებითა და თანამშრომლობით კიდევ საუკუნეები გაგრძელდება. 

ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყნები ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან. უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია ყველასთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ირღვევა ყველა საერთაშორისო ნორმები და პრინციპები, რაზედაც აგებულია საერთაშორისო წესრიგი და უსაფრთხოების არქიტექტურა. ამდენად, კიდევ ერთხელ ირღვევა ჩვენი ქვეყნების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებიც.

ყველასთვის შემაშფოთებელია, რასაც უკრაინაში ვხედვთ - ადამიანის ყველა უფლების უხეში დარღვევა. ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგევართ და მას სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ვითარება უმძიმესია. სუვერენობის უგულებელყოფა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელედება და მძიმდება, რასაც დღეს, 17 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის სახით ახალი მუქარაც ემატება, თუმცა, ამავე დროს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა და ასევე, ამ რეგიონისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედის, ძალიან დიდ შანსს წარმოადგენს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს, ყოველმხრივ, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური შესაძლებლობების ახალ განვითარებისთვის, კიდევ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

ჩვენი რეგიონის მომავალი მჭიდროდაა დამოკიდებული მშვიდობიან გარემოზე და ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად გაგრძელდება. ამ კუთხით მივესალმებით ევროკავშირის ჩართულობას და ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული რეგიონში სრული მშვიდობის დამყარება, მშვიდობის დამყარებაზეა დამოკიდებული ეკონომიკური განვითარება და ყველა ის ახალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ეხება და მას სამომავლო ძალიან დიდ პერსპექტივას უქმნის.

შეხვედრებისას ჩვენ ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს - სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს ის სფეროებია, რომლებიც იძენენ დღეს ახალ დატვირთვას და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტეციალი, ახალი ინფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენ ქვეყნების მაღალ ინტერესს წარმოადგენს და  ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.

აღვნიშნეთ, საქართველოში არსებული ყველა პირობა, რათა სომხური წარმოშობის ქართველმა მოქალაქეებმა შეინარჩუნონ საკუთარი ენა და კულტურა და ამავდროულად, შეძლონ ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. ამ კუთხით, ძალისხმევა არ შენელდება. 

ჩვენს ქვეყანაში სომხური და აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალქეების თანაცხოვრება ქვეყანაში შექმნილ შემწყნარებლურ გარემოზე მეტყველებს და კავკასიის რეგიონისთვის კავკასიის ტრადიციის გამგრძელებელ პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. 

დაბოლოს, მინდა, ჩვენს ქვეყნებს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა, განვითარება და მომავალი საუკუნეების მანძილზე ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გამყარება. 

სომხეთის პრეზიდენტი:

უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ღრმად პატივცემულ ქალბატონ ზურაბიშვილს თბილი დახვედრისთვის და პროდუქტიული განხილვებისთვის. მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში, პირველი, ოფიციალური ვიზიტი მეზობელ, სტუმართმოყვარე ქვეყანაში განვახორციელე. ეს წელი განსაკუთრებულია და ჩვენი ქვეყნებისთვის საიუბილეოა, რადგან ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. 

მართალია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ათასწლეულების ისტორია აქვს. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. 

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთიბები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად კიდევ უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთიბისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის. 

მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უფრო მეტად გაფართოებისათვის სრულდება ორმხრივად აღებული ვალდებულებები.

სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ,,განსაკუთრებულად კეთილმეზობლური ურთიერთობები“ ეწოდება და ეს ასეთი კვალიფიკაცია უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას განაპირობებს, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები. თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი სრულ ურთიერთნდობას ეფუძნება.

დღეს, მე და ქალაბატონმა პრეზიდენტმა, მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი განვიხილეთ და შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო, სატრანსპორტო დერეფანი. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, საჭიროა ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახლემწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას გვაძლევს გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები.

ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავს საკითებში - რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში, ყველაფერი ქართულ-სომხურ მეგობრობას ეფუძნება. 

დიდი მადლობა მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი ყველა წამოწყების წარმატებულ დასრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს წარმატებებს მოუტანს.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება