საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრებისა შემდეგ ქართველი და უხცოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს ძველი მეგობრობა აკავშირებთ.
,,მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ასევე, თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. 30 წლის წინ, საქართველოში 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, რამაც განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და თავისუფლების დაბრუნება. ასე დაიწყო, ჩვენი ბრძოლა, რამაც დღეს აქამდე მოგვიყვანა. სავარაუდოდ, 30 წლის წინ რთული იქნებოდა იმის პროგნოზირება, რომ ლატვია ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდებოდა და საქართველო ასე ახლოს იქნებოდა ევროკავშირისა და ნატოს ღია კართან. საქართველოს ეს ტრაექტორია განისაზღვრა ერთგული მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების თანადგომით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წელს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, გამოხატავს არა მხოლოდ იმ პროგრესს, რომელიც თან სდევს ასოცირების ხელშეკრულებას, ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალ ვაჭრობას, ვიზალიბერალიზაციას, არამედ საუბრობს იმაზე, რაც გასაკეთებელია ევროპაში დაბრუნებისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ,,ბათუმის კონფერენციაზე, რომელიც ივლისში გაიმართება სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება, საქართველო იქნება მზად გამოხატოს საკუთარი ამბიცია, გეგმა და საკუთარი ხედვა, თუ როგორ მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში, მიუხედავად ორგანიზაციის გარდამავალი პერიოდისა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.
რაც ეხება ნატოში ინტეგრაციის მიმართულებას, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ იცის როგორ გააძლიეროს კავშირები ნატოსთან, იმისათვის რომ ბიძგი მისცეს ღია კარის პოლიტიკას. ,,ეს გულისხმობს ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას შავი ზღვის უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ასევე გულისხმობს მეტ სამხედრო წვრთნებს, შესაძლებბლობის ფარგლებში მეტი უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელებას", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიულ პოლიტიკისა და საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო არ შეცვლის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ,,ჩვენი პარტნიორებისგან გვჭირდება მხარდაჭერა, რათა დავარწმუნოთ რუსეთი და შევახსენოთ მას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი შეუქცევადია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.