საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმერეთის რეგიონს 9 თებერვალს ეწვევა.
სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.
პრეზიდენტს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია უმასპინძლებენ. საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისსა და წყალტუბოს ესტუმრება.
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოვა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას, ისტორიულ ძეგლს, ბოტანიკურ ბაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰესს დაათვალიერებს, რომელიც საინჟინრო და ინდუსტრიული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.
პრეზიდენტი რეგიონში ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა: რამდენიმე სანატორიუმს, საწურბლიეს მღვიმეს და გაბაშვილის გორას დაათვალიერებს, რომელზეც ქართულ- პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელები პრეზიდენტს არქეოლოგიური გათხრების შედეგებს გააცნობენ.
სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში მცირე ბიზნესის განვითარებით დაინტერესდება და ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას მოინახულებს, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს. პრეზიდენტი ასევე ეწვევა კომპანიას "ჰერბია“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებს.
წყალტუბოში პრეზიდენტი ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრსაც ეწვევა და ბენეფიციარებს მოინახულებს.