საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამშობლოში კმაყოფილი ბრუნდება, რადგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მზადყოფნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
,,საფრანგეთმა გამოთქვა საქართველოს მხარდაჭერის ძალიან დიდი მზადყოფნა. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ გადავა ეს განცხადებები რეალურ ქმედებებში.
მე ვიტყოდი, რომ საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალა. ეს ეხება სამხედრო თანამშრომლობისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ასეთი ძლიერი მხარდამჭერი პოზიცია რამდენიმე წლის წინ საფრანგეთისაგან არ გამიგია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც ეხება, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს გერმანიასთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის განვითარებაც მთლიანად ჩვენს ქვეყნებზეა დამოკიდებული.
,,თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა - ასე შეიძლება შეფასდეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც ასეა დღეს, ასეთი იყო საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდშიც და ასე იქნება მომავალშიც“, -აღნიშნა პრეზიდენტმა.
17 -21 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან.
ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის დეკლარაციას “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.
ორივე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა საფრანგეთისა და გერმანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან. ასევე, ორივე ქვეყანაში შეხვდა ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს.