საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. პრეზიდენტის გამოსვლა ასამბლეაზე 25 სექტემბერს იგეგმება.
საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
გაეროს ფორმატში- უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე რამდენიმე სამიტი გაიმართება, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, პრეზიდენტს საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, როგორც გაეროს ფორმატში ასევე, ფორმატის მიღმა.
პრეზიდენტს და მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. კახა იმნაძის განცხადებით, გენერალური საკონსულო აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში და ბევრი საინტერესო შეხვედრა იგეგმება.