საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება.
საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.
სალომე ზურაბიშვილი შეხვდება: იაპონიის პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს, უსაფრთხოების ცენტრში კიბერუსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებს, იაპონიის პარლამენტში იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტს, აკიკო სანტოს, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს და ტოკიოს მერს იურიკო კოიეკეს. ორმხრივი შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკებები ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ ვან დერ ბელლენისთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არმენ სარქისიანთან.
საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, იაპონიის ტურიზმისა და ღვინის სექტორების წარმომადგენლებს ასევე, კულტურის სასახლის პრეზიდენტსა და მედიაჰოლდინგ "ფუჯი"-ს აღმასრულებელ დირექტორს, იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს და 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტს შეხვდება. პრეზიდენტი ტოკიოში რამდენიმე მუზეუმს დაათვალიერებს, მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიების მუზეუმს, ციფრულ მუზეუმსა და მირაიკანის მუზეუმს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძეს-ტოჩინოშინს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.