საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა და მას მაღალი შეფასება მისცა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონია ღირშესანიშნავი მოვლენაა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ცერემონიაში მონაწილეობით საქართველოს გამოეხატა საკუთარი პატივისცემა ამ უძველესი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პარტნიორობის განვითარებისათვის. იაპონიაში მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს და ჩემი ვიზიტის მიზანი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებთან მაქსიმალური კონტაქტების დამყარება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების ხელშეწყობა და საქართველოს ცნობადობის ამაღლებაა. პრეზიდენტმა იაპონიაში პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები გამართა: ტოკიოს მერთან იურიკო კოიკესსთან, პრემიერ მინისტრთან, შინძო აბესთან და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, იოშირო მორისთან, როგორც 2020-ს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საპატიო პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან და იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის პრეზიდენტთან, აკიკო სანტოსთან.
პრეზიდენტის განცხადებით, იაპონია საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრულად განწყობილი ქვეყანაა და იაპონიაში საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად, კულტურული და სპორტული მიმართულებით, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. პრეზიდენტის განცხადებით, იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობა უკვე მაღალია, თუმცა საჭიროა, იაპონური კომპანიების დაინტერესება ქართული ღვინის იმპორტის გაზრდისა და გააქტიურების თვალსაზრისით, რათა მას უფრო მასშტაბური ხასიათი შეიძინოს.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო ქართული კულტურის, სპორტისა და საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. პრეზიდენტის შეფასებით, მისი ვიზიტის მნიშვნელოვან მიმართულებას, სწორედ, სპორტის სფეროში ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენდა და ამ კუთხით საგულისხმო იყო 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ჯგუფთან და ტოჩინოშინთან შეხვედრები.
მისი თქმით, ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი ძალიან წარმატებული და დასაფასებელი სპორტსმენია და საქართველოსა და იაპონიის შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს. პრეზიდენტი მნიშვნელოვნად აფასებს კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გამართულ შეხვედრებს იმ ჯგუფებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ იაპონიაში გამოფენების, კონცერტებისა და ღონისძიებების მოწყობას. ,,შევთავაზეთ, რომ იაპონიაში ქართული ოპერა, უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ქართული მუსიკა, მოეწყოს ქართული გამოფენები უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი დიდი იმედი მაქვს, როიაპონური მხარე დაინტერესდება და ამ კუთხით იმუშავებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მედიაჰოლდინგთან ,,ფუჯი“ შეხვედრებზე, პრეზიდენტის განცხადებით, განიხილებოდა საქართველოში ფილმებისა და სერიალების გადაღების შესაძლებლობები. იაპონელები დაინტერესდნენ ამ მიმართულებით და უახლოეს მომავალში, იაპონელ სპეციალისტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.