საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, მოწვეულ სტუმრებს მიმართა და საქართველოში სხვდასხვა რელიგიების მშვიდობიან თანაარსებობასა და ქართულ ტოლერანტობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, თუმცა, საქართველოში ყველა რელიგიას აქვს თავისი ადგილი, სრული თავისუფლება და ერთმანეთში ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოს განსაკუთრებულ სახეს ქმნის. საქართველოს მოსახლეობისათვის ტოლერანტობა იდენტობის ნაწილია, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რომელიც მოიცავს პატივისცემასა და მეგობრობას. ურთიერთობა, რომელსაც ქვეყნისა და საზოგადოებისათვის საჭირო მშვიდობა მოაქვს.
ეს მშვიდობა კიდევ უფრო საჭიროა დღეს, როცა ვხედავთ, რომ საზოგადოებაში დაძაბულობის, დაპირისპირების, პოლარიზაციის, სიძულვილის ენის გაძლიერების ტენდენციებს.
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომლის ნაწილი ოკუპირებულია და არ გვაქვს იმის უფლება, რომ ქვეყნის შიგნით რაიმე ფორმის შეუთანხმებლობა, ან დაპირისპირება არსებობდეს. დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა ჩვენი საუნჯე და სიმდიდრეა. ჩვენ ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი ამ სიმშვიდისა და სიყვარულის შენარჩუნებაზე“, - მიმართა პრეზიდენტმა სტუმრებს.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქართულ კულტურაში ოდითგანვე ასახულ იმ მოცემულობას, რომელიც ტოლერანტობასა და სხვადასხვა კულტურისა, თუ რელიგიის თემებს შორის არსებულ ურთიერთგაგებას ეხება.
"მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტის რანგის სახელმწიფო მოღვაწე ამის შესახებ კიდევ ერთხელ ხაზგასმით საუბრობს და ამგვარ შეხვედრას გეგმავს. რაც უფრო მეტად გაიზრდება მსოფლიოში ქართული ხასიათის ცნობადობა, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად ქართველი ერისა და ქართული კულტურის წვლილის გაზომვა ამა თუ იმ კულტურასა, თუ მოვლენაში“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე მნიშვნელოვანად და დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრას და აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა ჩვენს საზოგადოებაში ჰარმონიული და ტოლერანტული გარემოს შექმნის სიმბოლო იქნება.
"საქართველო ოდითგანვე მრავალეროვანი და მრავალკონფესიური ქვეყანა იყო. ისტორიულად ამ ქვეყანაში ყველა - სხვადასხვა ეთნოსის და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, ერთად, მეგობრულად და ძმურად ცხოვრობდნენ. ასეა დღესაც.
ჩვენ ამით ვართ გამორჩეული, ეს არის ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრე, რომელსაც დაცვა სჭირდება და მე ვფიქრობ, რომ ყველა ამ მიმართულებით დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა დასავლეთ საქართველოს მუფთმა ჰაჯი ადამ შანთაძემ.
საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოში მოქმედი 11 სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი.