პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას დაესწრო.
უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის გამოწვევები, მასთან ეფექტურად ბრძოლისა და ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობის საკითხები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, რამდენიმე საათის განმავლობაში შესაძლებელია  ამ გადაწყვეტილების მიღება და შემდგომ აღსრულება.
"ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე დღეს მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უნდა დაიხუროს ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა, იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შეიზღუდოს.
ვირუსთან ეფექტურად ბრძოლაში ხელისუფლება სრულად ახდენს კონცენტრირებას რამდენიმე სისტემურ მიმართულებაზე. პირველი მიმართულება ჯანდაცვის მიმართულებაა, რომელზეც პასუხისმგებელი ჯანდაცვის მინისტრია, მეორე მიმართულება სამოქალაქო წესრიგია, რომელზეც სრულად პასუხისმგებელნი არიან შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი. მესამე მიმართულება სასურსათო მარაგების მართვა, ლოჯისტიკა და ტრანსპორტირებაა, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი სოფლის მეურნეობის მინისტრია, მეოთხე მიმართულება კი, ეკონომიკის მიმართულებაა, რომელზეც პასუხისმგებელი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილია.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან