საქართველოს პრეზიდენტმა ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაიკლ ჰიგინსის კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ესაუბრა.
 
პრეზიდენტებმა ის პრობლემები და საფრთხეები განიხილეს, რომლებსაც კორონავირუსი მათ ქვეყნებსა და მოსახლეობას უქმნის.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ კრიზისის დასაძლევად საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო სოლიდარობა და სექტორული თანამშრომლობის გააქტიურება.
 
პრეზიდენტებმა საქართველო - ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო კრიზისმა ევროკავშირ -საქართველოს ურთიერთობები არ შეაფერხოს.
 
ირლანდიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკა მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
 
პრეზიდენტებმა პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განვითარების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტურიზმის სფეროს შემდგომი განვითარებისათვის მაღალი ხარისხის სოლიდარობაა საჭირო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორის გახსნის სტრატეგია საქართველოს უკვე გააჩნია.
 
პრეზიდენტებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებები განიხილეს, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში სამედიცინო და სპა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მაიკლ ჰიგინსი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო