კვიპროსის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართა და მათ საქართველოს გვერდში დგომისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კვიპროსის პრეზიდენტმა გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ მიიღო და ამის შესახებ ნიკოს ანასტასიადესმა წერილით თავად აცნობა საქართველოს პრეზიდენტს.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველაზე მყისიერი საჭიროებებისთვის ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება უკვე იქნა გამოყოფილი, ასევე, საქართველოში ვირუსის გავრცელებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, შესაძლებელი გახდა უკვე არსებული დახმარების ინსტრუმენტების სხვა დანიშნულებით მიმართვა, ევროკომისიის მიერ ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) კომიტეტისათვის წარსადგენად მომზადებულ შეთავაზებაზე დამატებით, ჩემი წერილის ადრესატებს ჩვენი უახლოესი მეზობლებისთვის, როგორიც არის საქართველო, მეტი შეთავაზებების გაკეთებისა და დადგენილი სექტორული შეზღუდვების შემსუბუქებისაკენ მოვუწოდე.
მე, ასევე ხაზი გავუსვი ამ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სამიტის მოწვევის, თუნდაც ვიდეოკონფერენციის ფორმატით, მნიშვნელობას,"- აღნიშნულია ნიკოს ანასტასიადისის წერილში.