საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, საული ნიინისტეს ესაუბრა.
პრეზიდენტებმა საქართველოსა და ფინეთში კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე და დისტანციური განათლების სისტემებზე ისაუბრეს, რადგან კრიზისულ ვითარებაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობის შექმნის შესაძლებლობა ძალზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრეზიდენტმა ფინელ კოლეგას ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში საქართველოს და ფინეთს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდებათ.
საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ასევე იმ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც საქართველოში ლუგარის სახელობის ცენტრს უკავშირდება.
პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კრიზისი საქართველოსათვის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროპისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობაა.