პრეზიდენტი ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გურიის რეგიონს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტმა, ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, დღეს გურიის რეგიონის ორკარის კანიონი და რამდენიმე აგროტურიზმში ჩართული საოჯახო მეურნეობა დაათვალიერა.
 
როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, ზღაპრული სილამაზის ორკარის კანიონის არსებობის შესახებ ბევრმა ადგილობრივმაც არაფერი იცის. მისი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს გურიაში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებასა და სოფლის გაძლიერებასაც. 
 
პრეზიდენტმა მოინახულა ასევე სოფელ წითელმთაში აგროტურიზმში ჩართული საოჯახო მეურნეობა და საოჯახო სასტუმრო "კომლი", ჩაის პლანტაციითა და ფერმით. ასევე სოფელ გორაბერეჟაულის პარკი და  ერისთავების სასახლე.
 
სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სუფსის მარცხნივ მდებარეობს. არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში ყოფილა დასახლებული, აქვე  ერისთავების ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ამ პერიოდით დათარიღებული კერამიკის ნაშთები. 
 
პრეზიდენტმა დაათვალიერა XIX საუკუნის ერისთავების სასახლე, სასახლის ირგვლივ ერთი ჰექტარის ფართობზე გაშენებული დენდროლოგიური პარკი, სადაც წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე.
 
პრეზიდენტმა მოინახულა ასევე ჩოხატაურში, სოფელ ბუკისციხეში შარაშიძეების მარანი.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან