საქართველოს პრეზიდენტი, კულტურული ცხოვრების აღდგენის მხარდაჭერის მიზნით, დღეს გახსნილ ეროვნულ გალერეას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კულტურული ცხოვრების აღდგენის მხარდაჭერის მიზნით, დღეს გახსნილი ეროვნული გალერეა დაათვალიერა და მოუწოდა საზოგადოებას იაქტიურონ, ბავშვებთან ერთად ეწვიონ უკვე გახსნილ მუზეუმებს.
 
"მოგესალმებით, დღეს არის პირველი დღე, როცა გაიხსნა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, სადაც მომავალი კვირიდან გამოიფინება გია გუგუშვილისა და სოსო გაბაშვილის ნამუშევრები.
 
როგორც იქნა ჩვენ ვუბრუნდებით კულტურულ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ჯერ არა ისე სრულყოფილად, როგორც მიჩვეულები ვიყავით, მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი და მისასალმებელი ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია ყველასათვის: ახალგაზრდებისათვის, ბავშვებისთვის, უფროსებისთვის, რათა შევძლოთ და კიდევ ერთხელ ვეზიაროთ ჩვენს კულტურულ საგანძურს. 
 
მალე გაიხსნება სხვადასხვა მუზეუმები რეგიონებშიც. მუზეუმების გახსნა სხვა, დანარჩენი კულტურული სფეროების გახსნის საწყისია. შესაძლოა, თეატრებიც გაიხსნას ღია ცის ქვეშ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ პანდემიის პერიოდში კულტურა ძალიან დაზარალდა. 
 
ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანის, ადამიანის სიცოცხლის და ეკონომიკის დაცვით დავიწყეთ, მაგრამ არასოდეს დავივიწყოთ, რომ კულტურა არის ის, რაც ნამდვილად გვაცოცხლებს და რაც აუცილებელია ჩვენი ყოველდღიური და ეროვნული ცხოვრებისთვის. 
 
მობრძანდით, აქ, ეროვნულ გალერეაში, ერთად დავიწყოთ კულტურული ცხოვრება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან