საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმისათვის ცნობილი ქართველი ემიგრანტის, პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, დათა ვაჩნაძის არქივის გადაცემას დაესწრო.
არქივი ეპისტოლარულ მემკვიდრეობას, ხელნაწერებს, ბეჭდურ მასალას, ფოტოებს, პირად დოკუმენტებს მოიცავს, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას დათა ვაჩნაძის შთამომავლებმა მაია ხეჩინაშვილმა და დევი ფირცხალავამ გადასცეს.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ემიგრაციის მუზეუმი კიდევ უფრო გაფართოვდება და მასში ბევრი ნაშრომი იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდხანს იყო, ერთი მხრივ, მივიწყებული, მეორე მხრივ, დაბლოკილი და არ იყო აღიარებული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად.
,,ამ მუზეუმს ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ემიგრანტული ლიტერატურა, რომელიც არ გვაქვს ისე შესწავლილი როგორც საჭიროა, ნელ-ნელა თავის ადგილს იკავებს. ერთია, რომ შეიქმნას რაც შეიძლება სრულყოფილი არქივი და მეორეა, რომ ერთ ადგილას მოიყაროს თავი.
აქ დღეს გურამ შარაძის არქივის ნაწილი გაერთიანდა სხვა ემიგრაციის არქივის ნაწილთან. ეს იმის გამთლიანებაა, რაც ისტორიამ და ოკუპაციამ გაყო. ჩვენ თუ ჩვენ ისტორიაზე არ ვიტყვით სიმართლეს, წინ ვერ წავალთ.
მომავალ წელს ჩვენ ემიგრაციის დაბადების 100 წელს აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა ბოლომდე გაიაზრონ ემიგრაციის ამ პერიოდის მოვლენები და გაიცნონ ის მნიშვნელოვანი ადამიანები და ქვეყნის დიდი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც უცხოეთში ჩვენი ინტელექტუალური განვითარების ერთგვარი საფუძველი იყო.
დღეს აქ ვუყურებ დათა ვაჩნაძის მემუარებს და გასაგებია, რა სიმდიდრე გაგვაჩნია. არ შეიძლება ეს სიმდიდრე დაიკარგოს და არ იყოს ჩვენი შემდგომი განვითარების საფუძველი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა არქივის გადაცემის ცერემონიაზე.
დავით (დათა) ვაჩნაძე საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი იყო. სამხედრო მოღვაწე პოლკოვნიკის წოდებით. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი საბჭოს წევრი. ის ასევე იყო „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ (1914-1918) წევრი. გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. არის 4 წიგნისა და 30-მდე სტატიის, აგრეთვე „მოგონებათა რვეულების“ ავტორი. იყო რამდენიმე ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი.