საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ,,დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც პანდემიის გამო ნაწილობრივ ონლაინფორმატში გაიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა მისი პირადი და ქართული საზოგადოების სახელით დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს უდიდესი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მათ მიმართ მადლიერებას ყოველდღიურად უნდა გამოხატავდეს.
,,თქვენ, რეალურად, იმ ძალინ ძველი ქართული ტრადიციისა და ქართული შემართების გაგრძელებას წარმოადგენთ, რომელმაც ამ ქვეყანას საშუალება მისცა გამკლავებოდა ყველა მტერს და დღემდე მოსულიყო თავისი გამაჯრვებებებით. თქვენ წარმოადგენთ ამის გაგრძელებას ჩვენი ტერიტორიების დაცვისათვის ბრძოლასა თუ საერთაშორისო მისიებში, თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი!
ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ წარმოადგენთ მაგალითს მომავალი თაობებისთვის: თუ როგორი უნდა იყოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება! და თავად საზოგადოება კი, ამ ღირსეული მოქალაქეების მიმართ ყოველდღიურად მადლობას უნდა იხდიდეს.
ყველას ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის: კერძო ბიზნესს, რომელიც ამ საქმიანობის ერთ-ერთი ძალიან მძლავრი მონაწილეა, უცხოელებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომლებიც ასევე ეხმარება ამ ფონდს და ჩვენ დაჭრილ მეომრებს“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ონლაინრეჟიმში ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები და სამხედრო ატაშეები, ევროკავშირის ელჩი, საქართველოს ბიზნესასოციაციის, საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრები, ქალთა ასოციაცია და საზოგადაოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.