სალომე ზურაბიშვილი - საკმაოდ რთული წელი გველოდება, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი ცვლილებების ჟამს, დიდ გამოწვევებთან ერთად, ჩნდება დიდი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, მოულოდნელი შანსები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე, ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართა.

კონფერენციაზე, რომელიც ონლაინფორმატში იმართება, პრეზიდენტმა პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებსა და ამ პროცესებში დიპლომატთა როლზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა, ქართველ დიპლომატებს, დიასპორის წარმომადგენლებსა და სათვისტომოებს ამ რთულ პერიოდში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

" ჩვენი დღევანდელი შეკრება ტარდება ძალიან უჩვეულო ფორმატში. მისი ერთ-ერთი დანიშნულება, იმ დროს როდესაც  შევქმენით ეს ფორმატი იყო, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ელჩებს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები, გამოცდილება და ხედვა მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე.

სამწუხაროდ, ეს დღეს ვერ მოხერხდა. პანდემიამ ეს და მრავალი სხვა რამ რადიკალურად შეგვიცვალა. სწორედ ამ ცვლილებებზე მინდა გესაუბროთ დღეს.

თუმცა ჯერ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და თქვენი თანდასწრებით, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის პანდემიის დროს დაძლეული სირთულეებისთვისა და კრიზისის სწორი მართვისთვის. შეიძლება ვერ ვგრძნობდეთ და ვერ ვაცნობიერბდეთ ბოლომდე, თუ რამდენად უფრო რთული და ტრაგიკულიც შეიძლებოდა  ყოფილიყო ეს ვითარება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ არა დროული საგანგებო ზომები, რომ არა დროული მობილიზება პოლიციის თუ თავდაცვის  ძალების, რომ არა დროული მოსმენა სწორი რჩევების ჩვენი პროფესიონალებისგან და ცხადია, მათი თავდადება. სწორმა მართვამ შეგვაძლებინა, ის რაც ვერ შეძლო ბევრმა ჩვენზე უფრო განვითარებულმა ქვეყანამ, საერთაშორისო მხარდაჭერის ისეთი დონით მობილიზება, რომელმაც მოგვიტანა ძალიან დიდი ფინანსური, მატერიალური  დახმარება (ტესტები მათ შორის) და ახლო მომავალში, ვაქცინებით მომარაგება.

ბატონო გიორგი, მადლობა თქვენი გამძლეობისთვის, გამბედაობისთვის და თანმიმდევრულობისთვის.

ასევე მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ, მთელ დიპლომატიურ სისტემას, დიასპორის და უცხოეთში დროებით მყოფი ქართველების სამშობლოში დაბრუნებისა თუ ადგილზე დახმარებისთვის, რაც ახსენა ბატონმა მინისტრმა.  მეც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ საქმეს გაუმკლავდით ისე როგორც შეგეძლოთ. როგორც გვჩვევია, ალბათ ბევრი უკმაყოფილებაც მოისმინეთ, მაგრამ თქვენ ხომ იცით და ჩვენ ვიცით, რომ მაქსიმალურად გააკეთეთ ყველაფერი რაც შეიძლებოდა. მინდა ამავე დროს გთხოვოთ, რომ გადასცეთ ჩვენი მადლიერება დიასპორის წარმოამდგენლებს, სათვისტომოებს, რომლებიც თქვენთან ერთად იყვნენ ჩაერთული ამ  ძალიან მძიმე საქმიანობაში.

რადგან ეს წელი სრულდება და სრულდება ძალიან საიმედო და დადებითი ახალი ამბით, მინდა რომ ერთად ერთმანეთს მივულოცოთ ერთობლივი ძალისხმევის დიდი სიმბოლური შედეგი, ქართველი მოსამართლის არჩევა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში. ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს და წარმატებას ვუსურვებ ამ საქმიანობაში, ახალ თანამდებობაზე, რომელიც არის ძალიან საპასუხისმგებლო. დიდი წარმატება.

დავუბრუნდეთ პანდემიას!

მსოფლიო მასშტაბით, პანდემიამ ისეთი ადამიანური ტრაგედია გამოიწვია, რისი გამოწვევაც მხოლოდ მსოფლიო ომს თუ შეეძლო. გამოავლინა დღევანდელი მსოფლიოს ყველა სისუსტე და ნაკლოვანებები. ეკონომიკის მთელი რიგი დარგები ჩამოშალა - შრომის წესები შეცვალა და ალბათ დიდი ხნით;  შეცვალა ადამიანებთა შორის  და საერთაშორისო ურთიერთობები.

თუმცა, იმავე დროს როცა ეკონომიკის მთელ სეგმენტებს ანადგურებდა, პანდემიამ ელვისებური  სისწრაფით  ასევე ახალ სფეროები გააჩინა: მაგალითად, ჩვენ ვხედავთ ამას ჩვენს ქვეყანაში,  დისტანციური სერვისების გამრავლება, სხვადასხვა სახეობებით - ეს არის ერთ-ერთი შედეგი სწორედ ამ ახალი, ვიტყოდი, ეკონომიკის. ფარმაცევტიკული სფეროს ძალიან სწრაფი ზრდა და გაშლა, ესეც არის პანდემიის შედეგი და იმ უზარმაზარი ფინანსური რესურსების, რაც ჩაიდო ამ სფეროში. ეს რომ მოხმარდა ვაქცინის წარმოებას არის ერთი საკითხი, თუმცა ამავდროულად ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ გვერდითი შედეგები აქვს ამასაც და ძალიან ბევრ სხვა დაავადებასთან ბრძოლაში წაადგება ამ სექტორის ეს ახალი სიცოცხლე.

ასევე დღეს უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდა ტექნოლოგიური სფერო და ხელოვნური ინტელექტის სფერო, რის გარეშეც უკვე პრაქტიკულად წარმოუდგენელია ნებისმიერი დიდი თუ პატარა ქვეყნის განვითარება.

პანდემიამ ამ ცვლილებებთან ერთად ბევრი რამ გადაგვაფასებინა. 

პირველ რიგში სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის ბალანსი! სახელმწიფოს გარეშე, ვერავინ დააწესებდა იმ აუცილებელ ნორმებს, ზომებს, რაც ჩვენ ყველას დაგვჭირდა ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, რომ პირველი ზომები მიგვეღო; მხოლოდ სახელმწიფოს თუ შეეძლო იმ სახელმწიფო უწყებების მობილიზება, იქნება ეს ჯანდაცის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების და ასე შემდეგ. მხოლოდ სახელმწიფოს ხელში იყო ეს ყველაფერი და მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო, რომ ეს გადაენაწილებინა თანაბრად მთელ მოსახლეობაზე. ამავე დროს, კერძო სექტორის გარეშე ვერაფერი მოხდებოდა. კერძო სექტორმა შეძლო ვაქცინის წარმოება ასეთ სწრაფ ტემპებში და დღეს-ხვალ ჩვენ გვექნება ეს  ვაქცინები. ასევე კერძო სექტორმა შეძლო, ახალი ეკონომიკური ინდუსტრიების სწრაფი წარმოქმნა. ეს ბალანსი არის დასადგენი ყველა ქვეყნის მიერ, უნდა მოვნახოთ რომელი არის ჩვენთვის და ხვალინდელი დღისთვის სწორი.

ასევე შეიცვალა ბალანსი ცენტრსა და რეგიონებს შორის, რაღაცა ფორმით მეგალოპოლისებმა დაკარგეს თავიანთი მთავარი მიმზიდველობა, როგორც გართობის ცენტრი, როგორც მრავალი ადამიანის შეკრების ცენტრი. რეალურად დღეს ვხედავთ უფრო საფრთხეებს -  ეპიდემიის საფრთხეებს, მარტივი გადაცემის საფრთხეებს და უფრო გართულდა გადაადგილება. ამავე დროს ბუნებამ, ეკოლოგიამ, სოფელმა შეიძინა ახალი დანიშნულება და ახალი მიმზიდველობა. ესეც ნამდვილად იქნება ხვალინდელი დღის ახალი ბალანსი.

პანდემიამ ასევე სრულიად შეცვალა ადამიანური ურთიერთობები: შიში, აგრესია, იზოლაცია, დეპრესიული ფონი, ეს ყველაფერი თან ახლავს პანდემიას. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო იმ მხრივ, რომ პანდემია პირდაპირ შეებრძოლა ჩვენს ერთ-ერთ ღირებულებას - სტუმართმასპინძლობას. მაგრამ, ამასაც გადავლახავთ. სამაგიეროდ გვაჩვენა, რომ ჩვენი ზოგიერთი სხვა ღირებულება, არამხოლოდ ჩვენი, საკაცობრიო პრინციპები, არის ძალიან საჭირო პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის - სოლიდარობა, აღმოვაჩინეთ რომ სოლიდარობის გარეშე საზოგადოებაში და ქვეყანათაშორის არ შეიძლება გადარჩენა. აღმოვაჩინეთ ასევე თანასწორობა და რომ ეს პრინციპი ვრცელდება ყველაფერზე. პანდემია ვრცელდება ყველაზე, იმის მიუხედავად თუ ვინ არის.

და ბოლოს, პანდემიამ შეცვალა თქვენთვის ყველაზე ახლო სფერო - დიპლომატია. პირდაპირი კონტაქტები, ურთიერთობები, რომელიც არსებობდა და იყო დიპლომატიის საფუძველი, შეიცვალა დისტანციური, სატელეფონო და სხვა საშუალებით ჩატარებულ კონფერენციებით. დისტანციამ, ისედაც ზოგჯერ ცოტა ფორმალური ურთიერთობები, კიდევ უფრო ფორმალიზებული გახადა. ერთი მხრივ გაღარიბდა დიპლომატია, დაკარგა მოქნილობა და თავისუფლება. მე პირადად პანდემიის პირველ ეტაპზე, ვეცადე შემენარჩუნებინა ის, რაც მთავარი არის და მქონდა სატელეფონო საუბრები 50 სახელმწიფო მეთაურთან და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერთან. ეს იყო მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი, რომ შეგვენარჩუნებინა ეს ურთიერთობები, რადგან ამ ფორმატში ის სიღრმისეული განხილვა ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანი საკითხების არ და ვერ ხერხდება.  

არანაკლებად დამაზიანებელია ის ტენდენცია რომელიც გამოჩნდა - დიდმა ქვეყნებმა შეძლეს და შეინარჩუნეს ერთმანეთს შორის ურთიერთობები. უფრო ვიწრო, ორმხრივ ან ვიწრო ჯგუფის ფორმატში, ასე განაგრძეს მთავარ, გლობალურ თუ ურთიერთ საკითხებზე საუბარი და განხილვა. უნდა ითქვას, რომ პატარა და საშუალო ქვეყნები ამ პროცესში ვერ,არ მონაწილეობენ და ამიტომ, ცოტა არ იყოს, თამაშგარე აღმოჩნდნენ.

ეს ნიშნავს, რომ ამას უნდა მივხედოთ და ჩვენი დიპლომატია ადგილზე ორმაგად უნდა გააქტიურდეს, რათა შევავსოთ ეს დეფიციტი. ეს ნამდვილად არ იქნება მარტივი!

2021 წლის გამოწვევა იქნება ხვალინდელი  საქართველოს - ხვალინდელ მსოფლიოში ადგილის დასახვა.

ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, დღევანდელი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოვლენებს ზუსტი შეფასება მივცეთ და მასზე სწორებით, ჩვენ შევძლოთ ჩვენი პრიორიტეტების დასახვა.

პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ და გავარკვიოთ ამ ტენდენციებიდან, რომელიც ჩამოვთვალე, რომელი არის დროებითი და „გაივლის“ და მსოფლიო ისევ ჩადგება ჩვეულ კალაპოტში, და რომელი გრძელვადიანი, რომელიც გათვალისწიენებულ უნდა იყოს მომავლისათვის რათა ჩვენ კარგად დავსახოთ ჩვენი  პრიორიტეტები.

მაგალითად რომ ავიღოთ ის სფერო, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ტურიზმის სექტორი, ნათელია, რომ ეს დარგი გაცოცხლდება. თუმცა, არ ვიცით როდის - მომავალ ზაფხულს? შემდეგ წელს?...- და როგორ? - იმავე ფორმით? თუ მოსაძებნია ახალი მიმართულებები, რომლებიც ტურისტულ სექტორს მისცემს მეტ მგრადობას და კონკურენტუნარიანობას.

ამ ამოცანაში ნათელია, რომ ელჩების როლი ძალიან დიდია:

თქვენ უნდა იყოთ იდეების მომწოდებლები. თქვენ იმ ქვეყნებში სადაც მოღვაწეობთ, იქ მიდის ეს ძალიან ვრცელი დისკუსია "think-tank"-ებში იქნება თუ სამთავრობო დონეზე, და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გლობალური ფიქრის ნაწილი და უნდა ვიცოდეთ რაზე ფიქრობს და საით მიდის, ვიტყოდი, “ელიტა” მსოფლიოში.

თქვენ ასევე უნდა იყოთ ინვესტიციების მომზიდეველები, რადგან ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ახალ იდეებს, ახალ წამოწყებებს დაფინანსება სჭირდება. მითუმეტეს, რომ მსოფლიოში ინვესტიციების წყარო არ დამშრალა, და შეიძლება პირიქით და შეიძლება სწორედ კრიზისის გამო, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ  ინვესტორები ეძებენ ახალ საინვესტიციო იდეებს, ახალ ქვეყნებს, ახალ შესაძლებლობლებს. მათ გაჩერება არ შეუძლიათ და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ იმისთის, რომ ვიცოდეთ ზუსტად რა შევთავაზოთ.

პანდემიამ ბევრი რამე შეცვალა, თუმცა არ შეუცვლია ის მთავარი გამოწვევები რაც არის საქართველოს გამოწვევები და არ შეიძლება, რომ დაგვავიწყოს ეს გამოწვევები. პანდემია ამავე დროს გვიბიძგებს იმისკენ, რომ ახლებურად ვიაზროვნოთ, ახალი გზები მოვნახოთ, ახალი გამოსავალი ვიპოვოთ ყველა ჩიხიდან:

ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც სიტუაცია არ იძვრის თუ არა უარესობისკენ: პანდემიამ დაამძიმა ისედაც ძალიან მძიმე ადამიანური ვითარება. ჩვენი მოსახლეობა ქართველები თუ აფხაზები ვერ სარგებლობენ ელემენტარული ადამიანური უფლებებით: იდენტობა, ენა, თვითმყოფადობა დაუცველია.  ზეწოლა  ხორციელდება ყველა მიმართულებით, კერძოდ მიწების ოკუპანტზე გადაფორმების მცდელობით ან კიდევ საზღვრის გადაწევით, მაგალითად სოფელ აიბღასთან!

ეს ნიშნავს, რომ არ ყოფნის მხოლოდ ფორმალური შეხვედრები ჟენევაში, რომელსაც  სისტემატურად შლიან როგორც კი სერიოზული საკითხი წამოიჭრება. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა მოვძებნოთ განახლებული გზებიც და ჩვენ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან უფრო მჭიდრო კავშირებიც. უნდა იგრძნონ ჩვენგან ზრუნვა, წუხილი და თანადგომა!

მივესალმები ამ დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განახლებას! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დროა, აქტიურად ვიმუშაოთ მისი არეალის გაფართოებისთვის, რაც ინციდენტების პრევენციის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია!

მეორე გამოწვევა, ამ წლის, იყო კონფლიქტი ჩვენს რეგიონში - ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე - ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.  ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა.  სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი.

მესამე გამოწვევა კი ჩვენს ევროატლანტიკურ გზას უკავშირდება, რამე თუ დრო მოსულია, რომ სიტყვებს საქმეც მოჰყვეს: ახალი ეტაპი იწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით და ამავე დროს საქართველომ უნდა დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი და უნიკალური ადგილი ასოცირების ფარგლებში, ჩვენივე მოწოდებებით და მოთხოვნებით. ნატოს თავისთავად ახალი არეალი ეხსნება, სადაც საქართველოს ბუნებრივად უჭირავს აქაც უნიკალური ადგილი - შავი ზღვა.

ამ ყველა გამოწვევასთან გამკლავება კი მოითხოვს ერთიან, კონსოლიდირებულ ქვეყანას და საზოგადოებას. სამწუხაროდ, შარშანდელივით პოლარიზაცია წელსაც ვერ გადავლახეთ. ამ წლის დასაწყისში ქვეყანა პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. ამ ჩიხიდან გამოსვლისთვის და ვითარების განმუხტვისთვის, მივიღე  ჩემთვის პირადად, უმძიმესი  გადაწყვეტილება. ყველას ძალისხმევის შედეგად და მინდა ელჩ ფასილიტატორებს მადლობა გადავუხადო -  მოგვეცა  წინსვლის საშუალება: მიღებულ იქნა  საკონსტიტუციო ცვლილებები. შემდგომ კი საარჩევნო კოდექსი. არჩევნები ჩატარდა და შეფასებულ იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, როგორც სამართლიანი და კონკურენტული. ამის მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რჩება პოლარიზებული. დროა პოლიტიკურმა ძალებმა ენერგია მიმართონ იმ ურთულესი ამოცანების შესასრულებლად, რაც წინ უდგას ქვეყანას და რაზედაც ვისაუბრეთ ეხლა და ალბათ ისაურებთ ამ დღეებში!

საკმაოდ რთული წელი გველოდება, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი ცვლილებების ჟამს, დიდ გამოწვევებთან ერთად, ჩნდება დიდი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, მოულოდნელი შანსები, მათთვის, ვისაც უნარი გააჩნია დაინახოს და  მოერგოს ახალ რეალობას.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ წელს - თქვენ და თქვენს  ოჯახებს, გისურვებთ ჯანმრთელობას და თქვენი  ქვეყნის მსახურებაში დიდ წარმატებას! " - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 

 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან