საქართველოს პრეზიდენტი - ჩვენი ჯარისკაცების გაუტეხელი სულისკვეთება, გმირობა და თავდადება იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია

საქართველოს პრეზიდენტი, დღეს თავდაცვის მინისტრთან და აშშ-ს ელჩთან ერთად, წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და დაჭრილ ჯარისკაცთა სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა.

პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, თავდაცვის სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცების გაუტეხელი სულისკვეთება, გმირობა და თავდადება იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია ამ ბრძოლაში.

დღეს მშვენიერი დღეა. ერთი წლის წინ, აქ, წეროვანში სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ერთი წლის წინ ითქვა, რომ ეს დღე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდებოდა და მართლაც ასეა, აქ, ამ ადგილას შევიკრიბეთ ერთი წლის თავზე.

ეს სარეაბილიტაციო ცენტრი მარო მაყაშვილის სახელს ატარებს, იმ ახალგაზრდა ქალისას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლა, ამ ბრძოლას შეეწირა და საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. 

ისიც სიმბოლურია, რომ ეს ცენტრი ამ სახელით დღეს, 2021 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ იხსნება, ეს იმის სიმბოლოცაა, რომ ოკუპაციას ჩვენ არც ვივიწყებთ და არც ვეგუებით! 

მარო მაყაშვილისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი სხვა გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას დღევანდელი ქართული ჯარი, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, არაერთი ბრძოლა გადაიხადა, იბრძოლა და იმსახურა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, იბრძოლა  და იმსახურა საერთაშორისო მისიებში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების სამხედრო ძალებთან ერთად, მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. 

ჩვენი ჯარისკაცების გაუტეხელი სულისკვეთება, გმირობა და თავდადება იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია ამ ბრძოლაში. ეს ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა. 

დღეს ჩვენ ვალში ვართ ჩვენს ჯართან. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე! ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლას. ჩვენი საერთო მადლიერებისა და პასუხისმგებლობის მაგალითია ეს სარეაბილიტაციო ცენტრიც, რომელიც აშენდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ელჩსა და წარმომადგენელს.

საერთოდ, ზრუნვა ჯარზე და ჯარისკაცების ჯანმრთელობაზე ქვეყნის ცივილურობის ნიშანია. 

ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ჩვენს ჯარისკაცებზე და ჩვენ ვზრუნავთ მათზე. ეს სარეაბილიტაციო ცენტრი და ეს დღე მხოლოდ ნაწილია ჩვენი ვალდებულებებისა მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ნაწილი. აქ დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ აღიდგინონ ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი არის იმ  პოლიტიკის ერთგვარი სიმბოლო, რომელიც  ჯარზე ზრუნვასა და ჯარისკაცის პატივისცემას ეფუძნება. იმ ქვეყნის პოლიტიკისა, რომელმაც ახლო წარსულში ომი გადაიტანა, ბევრი ჯარისკაცი დაკარგა, ბევრი დაჭრილი გამოიყვანა ბრძოლიდან და ქვეყნისა, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია.

ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისთვის. 

მე მინდა, თქვენ, ყველას მოგილოცოთ ეს დღე. მინდა ყველას გისურვოთ გამოჯანმრთელება. მინდა მოგილოცოთ ეს დღე მთლიანად ჩვენს ჯარს.

გაუმარჯოს ჩვენს ჯარს, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს - თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი, ჩვენმა საზოგადოებამ კი ამისათვის ყოველდღიურად უნდა გამოხატოს მადლიერება

პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისათვის 13 არტილერისტი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა