სალომე ზურაბიშვილი - გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გახსნილიყო იყო შეგნებული აქტი, რომლითაც ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის იდეა და განათლება

პრეზიდენტი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ სწორედ 103 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.

„დღეს აღინიშნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე. 103 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.

100 წლის წინ უნივერსიტეტის სტუდენტები 1921 წლის თებერვალში გავიდნენ ტაბახმელაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად! უნივერსიტეტიდან დაიწყო 1956 წლის მოვლენები, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად გამოსვლები და დაიწყო ეროვნული მოძრაობა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღუდგინა.

თსუ-ს დამაარსებლების გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაეხსნათ, იყო შეგნებული აქტი. ამ ორი მნიშვნელოვანი თარიღის გაერთიანებით ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის იდეა განათლებას. ამით განისაზღვრა თსუ-ს პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსთვის. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლების სახელების წაკითხვისას, თვალწინ ცოცხლდება საქართველოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, რომელიც დამოუკიდებლობის სათავეში იდგა და ოკუპაციის შემდეგ თავისუფლების და ეროვნული ფასეულობების დროშა დიდხანს ატარა: ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, კოტე აფხაზი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ წერეთელი, კორნელი კეკელიძე, პეტრე მელიქიშვილი, შალვა ნუცუბიძე და სხვები...

ეს მისია დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, თსუ-მ გააგრძელა და დღესაც სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტურული და ეროვნული ერთიანობის კერად გვევლინება. 

იმ დროს, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენად არის აღიარებული, თსუ-ში არსებობს მძლავრი აფხაზური ფილოლოგიის სკოლა, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალურ ქვაკუთხედს აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენისთვის. 

კავკასიური ენებისა და კულტურის კვლევის მისია, რომელიც თსუ-მ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე თავის თავზე აიღო, მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან თსუ-ს განსაკუთრებულ მხარდაჭერას.

და ბოლოს, ხაზი უნდა გავუსვა თსუ-ს როლს საქართველოს და ევროპის ურთიერთობაში: პირველივე დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დონე არაფერში ჩამოუვარდებოდა წამყვან ევროპის უნივერსიტეტებს და დღესაც ინარჩუნებს თავის ადგილს. მისი სტუდენტები უკვე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას და ჩვენთან ჩამოდიან ევროპელი სტუდენტები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია სწორედ განათლებით იწყება და განათლების გზით განხორციელდება!

ვულოცავ დღეს ამ მნიშვნელოვან თარიღს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან