საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტი:
- მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისთვის. მე გავიხსენებ ორი თვის წინ ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი პოსტკოვიდვიზიტი და მაშინაც ძალიან კარგი საუბარი გვქონდა.
დღეს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა, ის აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს თავისი ევროპული, დემოკრატიული გზა და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი.
როგორც არასდროსს ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა, საჭიროა, რომ (ის რაც იყო და არის) საქართველო - როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს. ანუ, ევროკავშირს ჩვენგან სჭირდება მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვიმუშაოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე.
ჩვენ საუბრისას (და როგორც შეამჩნიეთ საუბარი გაგვიგრძელდა) ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასოდეს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა, იმისთვის რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც ევროკავშირის გზაზეა. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას უნდა ეს და სხვა არაფერი.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ შესრულდეს საზოგადოების მოთხოვნა და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო, რომელიც საზოგადოების მიერაა მოთხოვნილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ურთიერთობა მყარი და მუდმივია!
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი:
- მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და რამდენიმე კვირის წინ, ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ, კვლავ ვხვდებით ერთმანეთს. ჩემი დღევანდელი ვიზიტი, ისევე როგორც გუშინდელი მოლდოვაში და ხვალინდელი უკრაინაში, ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისათვის. ევროკავშირი უნდა დარჩეს საქართველოს გვერდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას რეგიონში, რომელიც ვიცით რომ კომპლექსურია.
ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ რეფორმების გატარების ამბიციას და კოვიდ 19-ის გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ყველას გვიტევს მთელს მსოფლიოში. მომდევნო წლების განმავლობაში, უნდა მოვახდინოთ მობილიზება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის არსებული ვითარებიდან გამოყვანის ირგვლივ. მინდა, რომ სწორედ ჩემი აქ ყოფნით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მხრიდან მეგობრობის მესიჯი.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩემი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც გამწვავდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აღელვებს ევროკავშირსაც და მეც, პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაოს იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება და შეიკრიბონ საერთო ენის მოსაძებნად. ჩვენი შეხვედრისას საშუალება მაქვს მოვუწოდო მხარეებს - ოპოზიციასა და მთავრობას პასუხისმგებლიანი მოქმედებისა და დიალოგისკენ.
დღის მეორე ნახევარში იმედი მაქვს გულწრფელი და ღია დისკუსიის საშუალება მექნება პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელებთან. ვიცი რომ, დემოკრატიული გადმოსახედიდან პოლიტიკური დებატები აუცილებლად საჭიროებს ლიდერშიფს, გამბედაობას და ყველა მხარის ჩართულობას.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა ბერკეტი გადალახოს მიმდინარე გამოწვევა და მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდირება, არამხოლოდ ევროპის ჩართულობის თვალსაზრისით, არამედ იმისათვის რომ ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გარანტირებული იყოს მოქალაქეთა მისწრაფებების შესრულება. შესაბამისად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისთვის აუცილებელია განმტკიცდეს პოლიტიკური სტაბილურობა ღია დემოკრატიით, წარმომადგენლობითი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით. სწორედ ესაა ასახული ჩვენს ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელიც ძალიან ამბიციურია და თამაშობს ძრავის როლს, ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებისა და სოციალური ერთიანობის კუთხით.
კოვიდ 19-ის პერიოდში, ევროკავშირმა აჩვენა და კვლავ გააგრძელებს დაანახოს საქართველოს თავისი ძლიერი სოლიდარობა. ევროკავშირმა, წევრ ქვეყნებთან ერთად, კრიზისის დასაძლევად მობილიზება გაუკეთა დაახლოებით, 400 მილიონ ევროს. ახლა, ამ მომენტში, სწრაფი ვაქცინაცია არსებითი მნიშვნელობის საკითხია დღის წესრიგში. ევროკავშირი ,,კოვაქს პროგრამის“ მთავარი დონორია და ამის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაშიც იქნება ვაქცინის დისტრიბუცია.
მე, ევროპის ინსტიტუციებთან ერთად, გავაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას, რათა საქართველოს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა და ჩვენი საერთო პასუხი დაფუძნებული უნდა იყოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთობლივ თანამშრომლობაზე.
ევროკავშირის დახმარება, რა თქმა უნდა, უფრო ფართოა, ვიდრე კოვიდის პერსპექტივა. ამ ბოლო წლების განმავლობაში, 800 მილიონის ევროს მობილიზება მოხდა, განსაკუთრებით, ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიც სოფლის მეურნეობაა. ეს დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან, რომლის პრეზიდენტიც დღეს ჩემთან ერთად იმყოფება საქართველოში იმისათვის, რომ უფრო კარგად განვიხილოთ პროექტების გაგრძელების ქმედითი ნაბიჯები.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2007 წლიდან, დაახლოებით, 1.8 მილიარდი ევრო ჩადო ადგილობრივ ეკონომიკაში. ახლახან კოვიდის კუთხით კი, 170 მილიონი.
დაბოლოს, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტების შესახებ. მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს, მოგვიანებით, მე მექნება საშუალება ადმინისტრაციულ სადემარკაციო ხაზთან მივიდე.
ამჟამინდელი მოვლენები თქვენს რეგიონში, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ საქართველოსთვის აუცილებელია ერთიანობა - ძირითადი ღირებულებებისა და ინტერესების გარშემო გაერთიანება და ამაში თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ.
ძალიან დიდი მადლობა.