21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი ლოზუნგია, „ჩვენ ვაკავშირებთ“.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. მისი მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
მიმდინარე კვირას შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო.
სიმონ პეტრიდისი, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ასევე, ორბელიანის მოედანზე დაგეგმილ „ჭრელ ბაზრობაში“, რომელიც უამინდობის გამო, 21 მარტის ნაცვლად 28 მარტს გაიმართება.
როგორც სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად, არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს და ამ მიზნით სამუშაო შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დაგეგმილია.