საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს ორბელიანების სასახლეში გამოსაფენად საჩუქრად გადაეცა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსიები, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელნაწერი ჩასწორებებით და ასევე, სახელმწიფო გერბი, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში იყო განთავსებული.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯონი ხეცურიანს პირველი პრეზიდენტის ხელნაწერების გადაცემისათვის, ასევე, მანანა ძიძიგურს, რომელმაც მისი მეუღლის ანდერძი შეასრულა და საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა.
„ასეთი თარიღები და სიმბოლოები გვაერთიანებს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მხოლოდ ასეთ სიმბოლოების ირგვლივ კი არ ვიქნებით გაერთიანებული, არამედ გავერთიანდებით ქმედითი ნაბიჯების ირგვლივ და ამით დავძლევთ ჩვენი ქვეყნის ყველა დღევანდელ გამოწვევას“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.