საქართველოს პრეზიდენტის ორი ახალი ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ერთიანი მემორიალისა და სიძულვილის ენის გამოყენებაზე მორატორიუმის გამოცხადებას შეეხებოდა.

აღნიშული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მიმართა:

„ინიციატივით გამოვდივარ შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაციაც დღეს მიმდინარეობს. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს მათთვის პატივის მიგებას, სადაც საშუალება გვექნება ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვასწავლოთ 100 წლის ბრძოლების ისტორია, ადგილი, სადაც უცხოელ სტუმრებს, ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ მათთვის პატივის მისაგებად. რაც დღეს ხდებოდა 9 აპრილის მემორიალთან და რაც ხდება სამწუხაროდ, ყოველ წელს მე მგონი სრულიად მიუღებელია, რადგან ეს არ არის ფორმა, რითაც ჩვენ უნდა მივაგებდეთ მათ პატივს, ამიტომ უფრო შესატყვისი ადგილი და ფორმა მოინახოს ამისთვის.  

ამ ინიციატივის შესახებ დღეს გაიგზავნა წერილი მთავრობასთან, თბილისის მერთან და იმ მინისტრებთან, რომლებიც არიან ამაზე პასუხისმგებელი.

მეორე ინიციატივა, რომელიც დღევანდელ დღეს დაამშვენებს, ყველასთვის საჭიროა და რომელიც არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნაა არის ის, რომ მოვიდა დრო სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენის გამოყენებაზე მორატორიუმის გამოცხადებისა. მე მინდა, თქვენ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს აქ არ იმყოფებიან მოვუწოდო თავი შევიკავოთ ამისგან. მე მგონი ამით შეიცვლება ქვეყანაში ატმოსფეროც და განწყობებიც.

ჩვენ განწყობის ქვეყანა ვართ და ეს განწყობა რომ შეიცვლება, უფრო სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს. მე მგონი, ეს ყველაფერი ჩვენ ყველას გაგვაძლიერებს“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან