პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ტარდება და ევროკავშირთან მრავალმხრივ თანამშრომლობას ეძღვნება, ასოცირების სამიტად გადაიქცეს და უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების მონაწილეობით ჩატარდეს.
აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული კავშირის პრეზიდენტს შარლ მიშელს პირისპირ შეხვედრისას მიმართა, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან ასოცირებამ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თავისი სრულყოფილი სახე მიიღოს. მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, როცა ბათუმის, უკვე ცნობილი, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, ის ასოცირების სამიტად გადაიქცეს.
ჩვენ, ევროკავშირთან ერთად, დავპატიჟოთ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები და ვიმსჯელოთ - რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ასოცირების ამ ფორმატმა, რომელიც სამ ქვეყანას ევროკავშირთან გვაკავშირებს და რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შარლ მიშელთან ერთობლივი განცხადებებისას.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი.
„ეს ორი ფორუმი, რეალურად, ერთმანეთს ავსებს და ორივე ის ძალიან მჭიდრო კავშირებია, რაც ევროკავშირთან გვაქვს და რომელიც ჩვენ სრულყოფილად უნდა ავამოქმედოთ ისე, რომ ამით ჩვენს რეგიონში შემოვიტანოთ მეტი სტაბილურობა და კიდევ მეტი ეკონომიკური განვითარება.
ამაში ორივეს ინტერესი დევს - ჩვენი და ცხადია ევროკავშირის ინტერესი არა მხოლოდ ჩვენ მიმართ, არამედ მთლიანად რეგიონის მიმართ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად, ჩვენ ასევე, ხაზი გავუსვით ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორებთან, საქართველო, უკრაინა და მოლდოვასთან თანამშრომლის გაღრმავების გეგმებს. მივესალმები იდეას ჩატარდეს შეხვედრა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერებთან ერთად, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ასოცირებული პარტნიორების მიმართ“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.