ორბელიანების სასახლეში, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროს მოღვაწეებს გადასცა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:
,,ძალიან დიდი პატივია ჩემთვის მუზეუმების საერთაშორისო დღის აქ, ამ სასახლეში აღნიშვნა, რომელიც თავისთავად შექმნილია როგორც მუზეუმი.
ერთი მხრივ, ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლე - ის ინსტიტუტი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის და ამავე დროს, ის არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთგვარი მუზეუმი, სადაც იმედი მაქვს, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ხელახლა დავიწყებთ ახალგაზრდებისა და სკოლის მოწაფეების მიღებას, რათა გაეცნონ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილს, არამედ ზოგადად, ჩვენს სიმდიდრეს მუზეუმების კუთხით.
ქვეყანაში დღეს არაერთი მუზეუმია, რომელიც თავისი მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ისტორიას წარმოადგენს. ამ მუზეუმების შენახვა, გაცოცხლება და ჩვენი ახალგაზრდობისთვის მათზე წვდომა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მუზეუმები ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რაც თავისთავად ასეცაა, მაგრამ მათი არსებობა არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების აღზრდის პროცესში, რადგან სწორედ ამ მუზეუმებშია ჩვენი წარსული და მნიშვნელოვანია წარსულის ბევრი ღირსშესანიშნავი ფურცლის გაცნობა.
პატარა მუზეუმებთან ერთად ჩვენ გვაქვს უდიდესი ეროვნული მუზეუმი და ასევე, ხელოვნების მუზეუმი. აუცილებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც ჩვენ შეგვიძლია წარვდგეთ მუზეუმში დაცული სიმდიდრეებიდან გამომდინარე. ასე, რომ მისი ბედი ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას უნდა დავაკვირდეთ, რომ ვანახოთ როგორ გადაწყდება ეს საკითხი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მუზეუმი სწორედ 1918 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ცნება და ხელოვნების ისტორიული მუზეუმი განუყოფელია და მთლიანად ამ სახელმწიფოს ისტორიასა და კულტურას ასახავს. ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია.
იმედი მაქვს, რომ მომავალში, როცა ისე აღარ ვიქნებით შეზღუდულები, როგორც დღეს ვართ, შევძლებთ ცოტა უფრო მასშტაბურად აღვნიშნოთ ის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიის კვლევისა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პრეზიდენტმა მარინე ჩიხლაძეს ღირსების მედალი გადასცა.
,,მინდა მოგილოცოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე. ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებობს მრავალი დიდი და პატარა მუზეუმი არსებობს. ზოგიერთი ძალიან ცნობილი, ზოგიც უცნობი და ამ უცნობი მუზეუმების რიგში კონსერვატორიის მუზეუმიც დგას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ მუზეუმში ძალიან ბევრი ისტორიული მუსიკალური ინსტრუმენტი და ძალიან მნიშვნელოვანი, გამოჩენილი მუსიკოსების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა - არქივები ინახება, რაც საქართველოსა და თბილისის ძალიან მდიდარი მუსიკალური ცხოვრებაა.
თქვენ კი, ამ მუზეუმის დამაარსებელი ხართ და ეს მუზეუმი დღემდე თქვენ მოიყვანეთ, რაც ძალიან დასაფასებელი საქმეა და მინდა თქვენს მიმართ, ჩემი და საზოგადოების მადლიერება გამოვხატო“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ასევე, ბესიკ მზექალაშვილი, ზურაბ მზექალაშვილი, გიორგი შიოშვილი და სიმონ ჭიჭოშვილი.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამინების აღმოჩენა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის, რომ მათ აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები მუზეუმს გადასცეს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ დღეს გავრცელებულია შავი არქეოლოგია, ანუ მოქალაქეებისაგან არქეოლოგიური არტეფაქტების არალეგალურად მოპოვება, რომლებიც მერე ქვეყნიდან გადის, ან თუნდაც ქვეყანაში იყიდება - ჩვენ ჯერ ვერ ვხვდებით რამდენად დამაზიანებელია ეს.
ამ ადამიანებმა კი, ყვარლის ერთ-ერთ სოფელში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები და ისინი მუზეუმს გადასცეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტია. ამ სახელმწიფო ჯილდოთი მე მათი საქციელის დაფასება მინდა.
მინდა, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი იყოს იმისა, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ქვეყნის ეროვნულ საგანძურზე ზრუნვა. ამისთვის მინდა საზოგადოების და სახელმწიფოს სახელით ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ასევე, ღირსების მედლით დაჯილდოვდა არჩილ გელოვანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის.
,,ძალიან მიხარია, რომ დღეს საშუალება მეძლევა, თქვენი საქმიანობა და ღვაწლი, (იმ საქმეში, რომელიც დღევანდელ საქართველოში იშვიათობაა), ანუ მეცენატობა სახელმწიფო ჯილდოთი აღვნიშნო.
ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი მეცენატები გვყავდა, რომლებმაც უამრავი ისტორიული მემკვიდრეობა შემოგვინახეს და რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ცოცხლობენ. ეს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, დღეს საკმაოდ დაკარგულია და იშვიათობაა.
რამდენიმე მეცენატი ვიცით, ზოგიერთი ძალიან ცნობილი, ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეს არ არის ისეთი გავრცელებული ფენომენი, როგორიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს და ალბათ ეს ჩვენი ხელისუფლების ბრალია ასევე, რადგან ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ამას ხელს შეუწყობდა და ყველასთვის ბევრად უფრო შესაძლებელს გახდიდა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩვენს მუზეუმებს დღევანდელ დღეს არ აქვთ ის საშუალება, რომ თვითონ შეიძინონ ყველაფერი, რაც საჭიროა და ზოგჯერ ძალიან ელემენტარულიც კი.
ამდენად, ისეთი ადამიანების არსებობა, როგორიც თქვენ ბრძანდებით, რომლებმაც შეძლეს და ძალიან ბევრი რამ - რარიტეტული წიგნები და ფერწერული ნამუშევრები შეიძინეს ხელოვნების სასახლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, როგორც ვიცი, მონაწილეობა გაქვთ მიღებული ამ სასახლის რესტავრაციაში.
ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა, რომ დღეს თქვენთვის გადაცემული ეს ჯილდო სხვებისთვის - ახალგაზრდებისა და ბიზნესმენებისთვის იმის მაგალითი იყოს, რომ ეს არის ნამდვილი პატრიოტული საქმე და თუ ვინმეს უნდა სადღეგრძელოების გარეშე პატრიოტიზმის გამოვლენა, ალბათ, ეს დღევანდელ დღეს ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის.
,,ქალბატონო სალომე, მიუხედავად მძიმე დროებისა, მიუხედავად დიდი წნეხისა, ზოგჯერ გაუგებარი ბულინგისა და თავდასხმებისა, თქვენ მითოლოგიური პერსონაჟების მსგავსად, თქვენი სიდინჯით, აუღელვებელი რიტმით და დიდი ნებისყოფით მოახერხეთ, რომ ორბელიანების სასახლე - პრეზიდენტის სასახლე აქციეთ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს, როგორც პოლიტიკურ, ასევე, კულტურულ ცენტრად. პირადად ჩემი, მოქალაქე გიორგი კალანდიას სახელით, მინდა ამისათვის ძალიან დიდი მადლობა გითხრათ.
მინდა მადლობა გამოვხატო იმისათვისაც, რომ მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში და ეს ამ დღის ძალიან დიდი მხარდაჭერაა, ასეთი რამ ადრე არ ხდებოდა, თქვენ ბრძანდებით საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც ამ დღეს ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს. მე მახსოვს თქვენი დანაპირები - მადლობა ამ დანაპირების შესრულებისათვის და იმისათვის, რომ მუზეუმებს და ქართულ კულტურას სათანადო ყურადღებას უთმობთ“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.