საქართველოს პრეზიდენტი - დამოუკიდებელი საქართველოს და ქართული ჯარის დამაარსებელი დაბრუნდა საქართველოში, რაც ყველაზე დიდი გამარჯვებაა

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ემიგრაციაში გარდაცვლილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს სიმბოლური დღეა და პირადად მე ძალიან დიდი ემოციებით ვარ აღსავსე, რამეთუ დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს უკანასკნელი მთავარსარდალი და ქართული ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება, სწორედ, იმდროინდელი რუსეთის მე-11 არმიაზე. ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, გენერალ კვინიტაძის შთამომავლები და ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე საფრანგეთში ოთარ ზურაბიშვილი.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები დღეიდან გაიმართება, 26 მაისს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან