საქართველოს პრეზიდენტმა მედიის დაშავებული წარმომადგენლები საავადმყოფოში მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა "ნიუ ჰოსპიტალსში” სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

,,მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა. 

ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა.

ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა. 

ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება - ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა. 

 

დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან