საფრანგეთის ბიზნესგაერთიანების MEDEF დელეგაცია თბილისს საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შედეგად ეწვია. დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
პრეზიდენტმა ფრანგ ბიზნესმენებს დეტალურად გააცნო ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები და არსებული ბიზნესგარემო, ასევე ისაუბრა პანდემიის შედეგებისა და პოსტკოვიდურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის შესახებ.
პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა მეტი ფიქრი, მეტი ინოვაცია, ყოველთვის მეტი ორიენტირი ტექნოლოგიებისაკენ, გაციფრულებისაკენ, განახლებადი ენერგიისაკენ. ეს ყველაფერი არის სექტორი, რომელიც უფრო და უფრო იმედისმომცემია, საჭირო ხდება და ითხოვს ენერგიის მობილიზებას.
,,საჭიროა იმის ხაზგასმა, რომ პანდემიის კრიზისის დროს, საქართველომ წარმატებას მიაღწია და გახსნა ახალი უნივერსიტეტი, რომელიც მილიარდიანი ინვესტიციის კაპიტალით დაფუძნდა, მიუნხენის უნივერსიტეტთან ერთად მუშაობს და ძირითადად ტექნოლოგიასა და მეცნიერებას ასწავლის. ეს მომავლში ჩადებული უდიდესი ფსონია.
მე ვფიქრობ, ჩვენ იმ მომენტში ვიმყოფებით, როდესაც ყველამ ფსონი მომავალზე უნდა დავდოთ. ვერ შევძლებთ უბრალოდ გაგრძელებას და იმის ლოდინს, რომ [პროცესები] უწინდებურად განახლდება. მეტი რისკი, მეტი ფსონი უნდა გავიღოთ და ახალი მიმართულებები განვავითაროთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა და ეს ახალი მიმართულებები - ტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის მიმართულება პატარა ქვეყნებს აძლევს საშუალებას, რომ დიდებს ეთამაშოს. ფარმაცევტული ინდუსტრია - ახალი მწარმოებლების მოძიების პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ არ ვივიწყებთ, რომ მედეას ქვეყანა ვართ. ფარმაცია, ფარმაცევტული ინდუსტრია, ყოველ შემთხვევაში ტრადიციული აქ არსებობდა, დღესაც არსებობს თუმცა არასაკმარისად, და საჭიროა მისი განვითარება” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.