საქართველოს პრეზიდენტმა, ეროვნული გვარდიის დაარსების დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, საქმისა და სამშობლოს წინაშე ერთგული, ხანგრძლივი და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ ბერელიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. უმაღლესმა მთავარსარდალმა თავდაცვის ძალებს ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა, ხალხისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა, პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლებში დაღუპულ გვარდიელთა ხსოვნას და აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდია თანამედროვე ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილია.
,,მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს თავდაცვის ძალებს და საზოგადოებას, რამეთუ, დღევანდელ დღეს ჩვენ ბევრად უფრო საშიში და ბევრად უფრო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რასაც პოლარიზაცია და ქვეყნის ორად დაყოფა ჰქვია. ამ მდგომარეობაში, თქვენ, ჩვენს თავდაცვის ძალებს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი და ადგილი გიჭირავთ და ხართ ერთიანობის, დეპოლიტიზაციისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის სიმბოლო. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს გვიძლიერებს ზურგს და რაც გვიცავს იმისგან, რომ ამ დაპირისპირებაში მთიანად დავიშალოთ. ამიტომ, მე მინდა თქვენს წინაშე კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი წინადადება და ინიციატივა, რომ დავიწყოთ ეროვნული თანხმობის პროცესი.
მინდა ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რადგან ეს ყველას არ ესმის: ეს არ არის მარტივი - დღეს მოვილაპარაკეთ და ხვალ შევრიგდით, ეს არის რთული, კომლექსური პროცესი, რომელიც მოიცავს ყველას: პოლიტიკურ ძალებსა და პირველ რიგში, საზოგადოებას. ეს არ იქნება ერთდღიანი, ან ორდღიანი პროცესი, ამას ყველას ჩართულობა სჭირდება.
მაგრამ მე მინდა თქვენ გითხრათ, რომ ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები ვერაფერს ვერ შეძლებენ, თუ მათ ზურგს უკან არ იქნება მთავარ მიმართულებებზე გაერთიანებული საზოგადოება - არა რაღაც კონსენსუსის ირგვლივ ხელოვნურად გაერთიანებული, არამედ შინაგანად, ამ ქვეყნის მოთხოვნებისა და ქვეყნის საფრთხეების მიმართ გაერთიანებული საზოგადოება. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ერთად ვიდგეთ მთავარი გამოწვევების დაძლევისთვის. ამაში, თქვენ წინა ფრონტზე ხართ, მაგრამ თქვენს უკან მდგომი საზოგადოების გაერთიანების გარეშე ტერიტორიული გაერთიანების, თუ ამ ქვეყნის ტერიტორიების დაცვის ვერცერთი გეგმა ვერ იქნება სრულყოფილად დაცული, თუ არა ეს საზოგადოებრივი ძალა, რომელიც თქვენ გაძლევთ მიმართულებას, თქვენ ვალდებულებას, მისიას კი, რეალურად აზრს აძლევს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ორბელიანების სასახლეში გვარდიის საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა.