ინტერვიუ CNN International-თან

ინტერვიუ CNN International-თან 

თბილისში საქართველოს დედაქალაქში ამომრჩევლი შაბათის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ხმის მიცემის პროცესი რუსეთის ჩარევით დამახინჯდა. გარე დამკვირვებლები შემაშფოთებელ საკითხებს აფიქსირებენ, ასახელებენ ამომრჩეველთა ყოვლისმომცველ დაშინებას საარჩევნო უბნებში და გარეთ.

ვრცელდება ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია, რომ ერთ საარჩევნო უბანზე უხეშად ყრიან [ბიულეტნებს].

და ეს სადავო არჩევნები იზოლირებულად არ ხდება. მოლდოვაში, ლიეტუვაში, ჩეხეთსა და ახლა საქართველოში, მუდმივად კეთდება განცხადებები რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით, რადგან მოსკოვი ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს, რათა ქვეყნებს, რომლებიც ადრე მის ორბიტაზე იმყოფებოდნენ დასავლეთთან დაახლოების საშუალება არ მისცეს.

ახლა ოპოზიციის რეაქციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. მისი თქმით, ამ არჩევნების აღიარება, "იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდების ლეგიტიმაცია". და ის ახლა თბილისიდან შემოგვიერთდება. ქალბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს პროგრამში.

დიდი მადლობა.

თქვენ ახლახან დაბრუნდით ამ საპროტესტო აქციიდან, რომლისკენაც თქვენ მოუწოდეთ. ჯერჯერობით ის მშვიდობიანია, არჩევნების გასაპროტესტებლად და მის არასაღიარებლად. რატომ? ხალხი არჩევნებზე მივიდა, არ გაშფოთებთ, რომ ძალადობა, საშინელი დარბევა ან რამე მსგავსი მოხდება?

სულაც არა, რადგან ჩვენ თბილისში საპროტესტო აქციები ვნახეთ, როდესაც რუსული კანონები მიიღეს, ჩვენ ვნახეთ პროტესტი შარშან, წელს.

საქართველოს მოსახლეობა ძალიან მშვიდობიანია, მაგრამ ისინი მშვიდობიანად იცავენ თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს, რომ ჰქონდეთ და შეინარჩუნონ ხმის მიცემის უფლება და ამ შემთხვევაში, ეს უფრო მეტია, ვიდრე მათი ხმები, ეს მათი ევროპული მომავალია.

ნება მომეცით გკითხოთ, რა გიბიძგებთ იმის თქმისკენ, რომ [არჩევნები] გაყალბებულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გარე დამკვირვებლებისა და სხვებისგანაც მოვისმინეთ.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს თქვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს, ისევე როგორც უკრაინაში. მაგრამ აშკარად უარყოფს ჩარევას. რა არის თქვენი მტკიცებულება?

ამის დასტურია ის, რომ ყველა გამოკითხვაში საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი  ევროპულ გზას და ევროინტეგრაციას უჭერს მხარს,  და ეს მოულოდნელად, ერთ არჩევნებში შემოტრიალდა, მაშინ როცა ხალხი ამ ევროპული გზის მხარდასაჭერად სტაბილურად გამოდის?!

ამ არჩევნებში ყველაფერი გამოიყენეს, ყველანაირი გაყალბება, ყველა ინსტრუმენტი და განსაკუთრებით, ახალი, ელექტრონული ხმის მიცემა, რაც დადასტურდა, მოქალაქეებისგან წართმეულ პირადობის მოწმობებს იყენებდნენ შვიდჯერ, ათჯერ, ჩვიდმეტჯერ. ყველა ეს მტკიცებულება შეგროვდა და გროვდება.

ახლა მიმდინარე პროცესები მომხდარი დარღვევების სისტემურ ხასიათს ცხადყოფს. გაყალბებები ჩვენთვის ნაცნობია, მაგრამ ამხელა და ასეთი მრავალგვარი, ეს პირველი შემთხვევაა, ეს უპრეცედენტო საქართველოში და ვფიქრობ, სხვა ქვეყნებშიც.

თქვენ თქვით, რომ თქვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსული ტიპის კანონების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამოვიდა, როგორიცაა ანტი LGBTQ კანონები, რომლებიც ამ პარტიამ (რომელიც აცხადებს, რომ გაიმარჯვა) მიიღო იმის გამო, რომ ხელისუფლებაშია. პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნებიდანაა“, თქვენ პრეზიდენტი ხართ. ამან [კანონების მიღებამ] უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაარტყა, მათ უცხო აგენტებს უწოდებს, როგორც რუსებს აქვთ და ა.შ.

მაგრამ “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ისინიც ევროკავშირის მომხრეები არიან. მათ ასევე სურთ ევროკავშირში. ისინი იცნობენ იგივე გამოკითხვებს, რასაც თქვენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ასე რომ, მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ამას?

არ ვიცი. მაგრამ ცხადია, ვისაც უნდა მოვუსმინოთ, არიან ევროპელები, რომლებმაც ნათლად უთხრეს საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, რომ თავს ვერ მოაჩვენებთ, რომ ევროკავშირს შეუერთდებით, მაშინ როცა აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ, ვერ შეუერთდებით რუსული კანონის მიღებით, ვერ შეუერთდებით LGBTQ კანონის მიღებით; ვერ შეუერთდებით, როცა საარჩევნო პროგრამად აცხადებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებს ციხეში ჩასვამთ, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერ პარტიას აკრძალავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსულ კანონების ქვეშ მოაქცევთ ისე, როგორც რუსეთში ექცევიან სამოქალაქო საზოგადოებას.

ასე რომ, ეს არის ყველა ევროპელი ლიდერის და ბოლოდროინდელი ევროპული საბჭოს პასუხი. უახლოეს დღეებში ახალი ევროპული საბჭოს სხდომა იქნება, რომელიც ამას აუცილებლად დაადასტურებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი არაა, ევროპას რა პირობებში შევუერთდებით. უნდა შევასრულოთ ის დაპირებები, რომლებიც გავეცით და რომლის შესასრულებლადაც საქართველოს მოსახლეობა მზად არის.

რის მიღწევას ელით საპროტესტო აქციებისგან?

დღევანდელი დღე მხოლოდ დემონსტრაციაა და ძალიან შთამბეჭდავია. ახლახან დავბრუნდი იქიდან და ძალიან შთამბეჭდავია, რომ გუშინ დაანონსებული აქცია თბილისის მთავარ გამზირს ავსებს. ეს ხალხი ძალიან მშვიდად მოდის და ამბობს, რომ ჩვენ მივეცით ხმა, გვინდა, რომ ჩვენი ხმები დავიცვათ და გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი, ჩვენი ინტეგრაციის მომავალი. მხოლოდ ამას ამბობენ დღეს. ისინი უსმენენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ გეგმებს, რომლებსაც სთავაზობენ. და ეს ალბათ მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება, ზუსტად არ ვიცი.

ახლა ამ ყველაფრის შედეგი ორმხრივია. ერთია ის, რომ ისინი საერთაშორისო გამოძიებისკენ მოუწოდებენ, ნახონ მტკიცებულებები, რომლებიც აქ შეგროვდა, რათა სურათი აჩვენონ, გლობალური სურათი, მანიპულირებისა და დაშინების მასიური სურათი, რაც მოხდა.

და შემდეგ, სავარაუდოდ, წნეხი იქნება ევროპის და ამერიკის მთავრობებიდან, რომლებმაც ასევე მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების ჩატარება -  ამ არჩევნების შედეგები ხელახლა განიხილონ. თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხდა, მაშინ, სავარაუდოდ, მოწოდება ახალ არჩევნებზე გადაინაცვლებს, მაგრამ ისევ და ისევ, ეს პოლიტიკური პარტიების და მოსახლეობის გადასაწყვეტია.

თქვენ ყველა „ქართულ ოცნებას“, ვფიქრობ, პრორუსულ, პროკრემლის პარტიად ასახელებთ. მხარდამჭერი, მგონი ივანიშვილი ჰქვია, საქართველოს უმდიდრესი ადამიანია. ის მილიარდერია. მას აქვს ქონება, რომელიც თქვენი მშპ-ს დაახლოებით 25 პროცენტია. რატომ ფიქრობთ, რომ ის პრორუსია?

ადამიანები, რომლებიც მას იცნობენ, ამბობენ, რომ ის არაა პროამერიკელი, პროევროპელი, პროუკრაინელი, პრომოსკოველი. ის უბრალოდ ძალაუფლების მომხრეა. ის საკუთარი თავის მომხრეა. რატომ ფიქრობთ, რომ ის პრორუსია?

ის საკუთარი თავის მომხრეა. ის თავისი ფულის მომხრეა. ეს ახლახან ვთქვი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. მაგრამ ამავდროულად, ობიექტურად, და ესაა მნიშვნელოვანი, რუსულ-ქართული პოლიტიკა, “ქართული ოცნების” პოლიტიკა ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში მაინც თანდათან მოსკოვისკენ მიიწევს.

მოსკოვი გამუდმებით კომპლიმენტებით აქებს “ქართულ ოცნებას”, მათ შორის, ახლახან არჩევნების შედეგებსაც, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი ბევრ საკითხზე რუსულ პროპაგანდას შეესაბამება. მოსკოვის ინტერესი კი, იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზას არ გაჰყვეს.

გასული წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ჩვენ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან ძალიან ახლოს ვიყავით და მოსკოვს სწორედ ეს აღიზიანებს. ყოველი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამ წელს გადადგა, აშკარად ეწინააღმდეგება ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ არ მივიღებთ ევროპელი ლიდერების და ევროკომისიის თანხმობას ევროკავშირთან დასაახლოებლად.

თქვენმა ამჟამინდელმა პრემიერმა, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, თქვა, რომ მათ დიდი გამარჯვება მოიპოვეს და ამტკიცებს, რომ დიახ, ყველა ქვეყანას აქვს დარღვევები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დიდი რაოდენობით მოვიგეთ.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ერთ-ერთი წინამორბედი, მიხეილ სააკაშვილი, ჯერ კიდევ ციხეშია, არ გეშინიათ, რომ თქვენ იქნებით სამიზნე, თუ ხელისუფლება გამარჯვებული დარჩება?

საკუთარ თავზე ვერ ვინერვიულებ, როცა მთელ ქვეყანაზე ვნერვიულობ, სად წავა, თუ საქმე „ქართული ოცნების“ ხელში იქნება. რაც მათ საარჩევნო პროგრამაში თქვეს, არის ის, რომ ყველას ციხეში ჩასვამენ. რომ ისინი ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავენ, რომ სრულად განახორციელებენ კანონს უცხოური აგენტების შესახებ, რაც ხელს შეუშლის არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციებთან მუშაობენ, არამედ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსაც, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუშალონ ტრანსფერებს ჩვენი ემიგრანტული თემებიდან. საქართველოს. ესაა “ქართული ოცნების” პროგრამა.

ასე რომ, ჩემი პირადი მომავალი ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც საქართველოს მომავალი. და ეს არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებს, ევროპელსაც და ამერიკელებსაც, უფრო მეტად უნდა აწუხებდეთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.

სხვა სიახლეები