საღამო მშვიდობის, გმადლობთ რომ ჩვენთან ერთად ხართ, ამ ჩვენთვის ნაცნობ ძალიან მძიმე გარემოებებში. თავდაპირველად, რამდენიმე სიტყვით იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ამ წუთებში დედაქალაქში..
დედაქალაქში სიმშვიდეა. მთავარ გამზირზე, პარლამენტის წინ ძალიან დიდი რაოდენობის ხალხია, ყველა აქ არის. ეს მანიფესტაცია ქართველი მოსახლეობის მიზანდასახულობის მაჩვენებელია.
რა მანიშნებლები გაქვთ გაყალბებასთან დაკავშირებით, თქვენის აზრით, როგორ შეიძლება არსებული გაყალბების აღწერა?
უპირველეს ყოვლისა, ამის აღწერა შეუძლებელია, რადგან ეს გაყალბება არის ყველგან, ყველა ფორმის. არის ტრადიციული, კლასიკური გაყალბებაც; ურნების გავსება რაიონებში, სადაც ნაკლები დამკვირვებელია ასევე, ამომრჩევლების დაშინება ახალგაზრდების ჯგუფების მიერ, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერებების მეტ-ნაკლები ზემოქმედების ქვეშ დასეირნობენ საარჩევნო უბნების სიახლოვეს. საჯარო სექტორში დასაქმებული პირების დაშინება, რაც ბევრად უფრო სერიოზულია. ხმების ყიდვა პირდაპირ, საარჩევნო უბნების მახლობლად, ასეთი შემთხვევებიც ბევრი გადაიღეს. ახალი კი, იყო ხმის ელექტრონულად მიცემის გამოყენება, არჩევნებამდე ხალხისთვის გამორთმეული პირადობის მოწმობები, რამაც საშუალება მისცათ გამოეყენებინათ პირადი ნომრები განმეორებითი ხმის მიცემისთვის სხვადასხვა უბნებზე და რაიონებში.
დავუბრუნდეთ ამ კადრებს, რომლებიც ვიხილეთ, ურნების გავსების კადრებს, სადაც ვხედავთ პირებს, რომლებიც ავსებენ ურნებს დამატებითი ბიულეტინებით. ეს იმდენად უხეშად ხდება... რა იცით ამ სცენების შესახებ?
ეს ყველამ ნახა.... მე მინდა ვთქვა, რომ ერთდროულად ხორციელდება ურნების გავსება და უხეში მეთოდების გამოყენება, რაც ხდებოდა დამკვირვებლების ყოფნის მიუხედავად და უფრო დახვეწილი და უდავოდ უფრო მძიმე მეთოდების გამოყენება, რომლებმაც მასიურად შეცვალეს ხმის მიცემის სახე.
რა ვიცით....
დამკვირვებელი ორგანიზაციების დათვლით ამგვარად მოპარული, მანიპულირებული, შეცვლილი ხმათა რაოდენობა 300 000-ზე მეტია.
როგორია რუსული ფულის ბრუნვა თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ?
შეუძლებელია ამის ცოდნა. დიდი რაოდენობით თანხები დარიგდა რეგიონებში ბოლო კვირების განმავლობაში. ეს პირდაპირ რუსული ფულია, თუ ჩვენი ოლიგარქის ფულია, თუ ორივე ერთად? შეუძლებელია ამის ცოდნა.
რა მანძილზე იმყოფება რუსული ჯარი ? როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს საათებში და დღეებში ? რა მანძილზე იმყოფებიან ამჟამად რუსული ძალები ?
მე საერთოდ არ ვიზიარებ დრამატულ სცენარს. უდავოდ, რუსეთი ,,ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას დაეხმარა არჩევნების მანიპულაციაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის სცენარში. რუსეთის ტანკები დედაქალაქის მახლობლადაა, უკვე წლებია, 2008 წლიდან მოყოლებული, და საქართველო ასე ცხოვრობს, ასე აგრძელებს მის ევროპულ სვლას. და ეს ვირტუალური საფრთხე ვერ შეაფერხებს საქართველოს სვლას. ეს ზეწოლაა, რომელსაც ,,ქართული ოცნება“ იყენებს, როდესაც ხალხს პრაქტიკულად ეუბნება «ჩვენ თუ არ მოგვცემთ ხმას, მიიღებთ ომს» . მე ამის წინააღმდეგი ვარ და ვამბობ, თუ საქართველოს მოსახლეობა გააგრძელებს როგორც დღეს, ამ საღამოს, მშვიდობიანად აჩვენოს, რომ ვერავინ მოპარავს ვერც მის ხმას და ვერც ევროპულ მომავალს, ვერავინ ვერ ჩაერევა. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დიდი მხარდაჭერა გვაქვს, ისინი დაგვეხმარებიან გამოძიების ბოლომდე მიყვანაში. ამის შემდეგ ქართულმა ოცნებამ უნდა გადახედოს არჩევნების შედეგებს, ან თუ ამაში ვერ დაარწმუნებს ჩვენი პარტნიორები და შიდა ზეწოლა, დადგება არჩევნების სხვა პირობებში თავიდან ჩატარების მომენტი. დღეს პარლამენტის ფასადს მანიფესტანტებმა, მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა დააწერეს «ქირავდება».
ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვთ საფრანგეთთან. რა შეუძლია გააკეთოს საფრანგეთმა თქვენს დასახმარებლად ?
საფრანგეთს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ისევე როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. მე მაქვს კომუნიკაცია ემანუელ მაკრონთან, ისევე როგორც პოლონელ პრეზიდენტთან, ბალტიისპირა სამი ქვეყნის პრეზიდენტებთან, შარლ მიშელთან. ყველას დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე მკაფიოდ უთხრეს ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს, თუ რა უნდა გააკეთონ ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. კონკრეტულად კი, ჩაატარონ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, რაც არ მოხდა. მომავალი ევროპული საბჭო გააკეთებს შესაბამის დასკვნებს. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ შეიძლება მისი ევროპელი პარტნიორების იმედი ჰქონდეს.
თქვენ იცნობთ ვლადიმერ პუტინს, შეხვედრილხართ მას. თქვენის აზრით რა სურს ვლადიმერ პუტინს საქართველოში ?
ძალიან მარტივია. რასაც ის იღებს ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების მეშვეობით, ეს არის საქართველოს ჩამოშორება ევროპული გზიდან, მისი იზოლირება. დასუსტებული, იზოლირებული საქართველო ადვილი სამიზნე იქნება. სამხედრო ჩარევა არ იქნება საჭირო.
ფიქრობთ, რომ თუ არაფერი არ გაკეთდება, საქართველო საბოლოოდ გადავა რუსეთის კონტროლის ქვეშ ?
,,ქართული ოცნების“ პროგრამა, მომხიბლავი საარჩევნო პროგრამა, რომელიც მათ წარმოგვიდგინეს არის ყველა ოპოზიციონერის დაკავება, ოპოზიციის პარტიების აკრძალვა, პრეზიდენტის გადაყენების ახალი პროცედურის დაწყება, რუსული აგენტების კანონის მკაცრად ამოქმედება, რაც ხელს შეუშლის საერთაშორისო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს რომ იმუშაონ საქართველოში და კონტროლს დაუქვემდებარებენ იმ მედია საშუალებებს, რომლებიც უკვე არ იმყოფებიან ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. არ ვიცი თქვენ ამას როგორ დაახასიათებთ, ჩემთვის ეს რუსული რეჟიმია საქართველოში.
ძალიან შთამბეჭდავია თქვენი ნახვა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით. თუ ახალი ხელისუფლება მოვა, ევროპული გზა საქართველოსთვის ჩიხი აღმოჩნდება. რას გააკეთებს პირადად თქვენ უახლოეს საათებში, დღეებში და კვირებში?
მე ეს ვთქვი მანიფესტაციაზე, რომელიც მე მოვიხმე და რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გამოეხმაურა. არც კი მეგონა, რომ ასე მრავალრიცხოვანი შეიკრიბებოდნენ ასე მოკლე დროში. მე მათ შევპირდი, რომ მათ გვერდით ვიქნებოდი დღეს, ხვალ და იქამდე, სანამ ჩვენს ევროპულ მომავალს არ დავიბრუნებთ. ამის გაკეთებას ვაპირებ.
მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ იყავით ჩვენთან ერთად.
მადლობა თქვენ.