საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა:
დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ 7 ახალი საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში.
ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე ასევე, იქნა განხილული საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი, თუმცა კომისიამ ეს საკითხი არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, რომელიც გაგზავნილ იქნა ცესკოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, უარი ეთქვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ასახელებდა იმ გარემოებას, რომ საზღვარგარეთ უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. უარის ერთ-ერთი მიზეზი ასევე, იყო უსაფრთხოების საკითხი.
საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და ელჩებისგან მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებით.
იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით მოქალაქე და იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება მინიმუმ 400 საქართველოს მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს ჩვენს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება.