ორბელიანების სასახლეში პირველი საერთაშორისო დიასპორული თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართა, რომელშიც ქართველი ემიგრანტები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება, რომელიც მიზნად ახალგაზრდების დაახლოებასა და მათ შორის ხიდების მშენებლობას ისახავს, საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა:
,,მოხარული ვარ, რომ აქ შეიკრიბეთ და ყველას გვაქვს შესაძლებლობა, ვნახოთ და დავაფასოთ თქვენი შემოქმედება.
მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თიკა სვანიძე - ვენკოს, რომლის ეს წამოწყებაც დიდი საქმეა, რათა თქვენს შორის - დიასპორაში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ახალგაზრდებს შორის ხიდები ისევ შეიკრას და გქონდეთ საშუალება გაიცნოთ ერთმანეთი. თქვენ, ამ ყველაფერში - თეატრში, სიმღერებსა თუ ცეკვებში - ქართულ კულტურაში პოულობთ ერთმანეთს.
მე, როგორც დიასპორაში გაზრდილ ადამიანს, ძალიან კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია კავშირის შენარჩუნება, ქვეყანაში დაბრუნება და აქ, ადგილზე სწორედ აქაური კულტურის ახლოდან გაცნობა. ეს კულტურა არ არის უცხო თქვენთვის და ეს ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ მას სწორედ ეს აქაური ფესვები სჭირდება, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს.
არამხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დღეს გაქვთ ამისი შესაძლებლობა, რომელიც იმედი მაქვს სამომავლოდ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.
დღითიდღე ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი (სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ) საზღვარგარეთაა. ეს შეიძლება ქვეყნის სიმდიდრე გახდეს, თუ ჩვენ ამ პრობლემას, თუ ამ მოცემულობას კარგად მივუდგებით.
თუ ჩვენ, ძალიან მარტივად და ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე დღეს ხდება, მივანიჭებთ მოქალაქეობას, თუ ჩვენ გავხსნით საზღვრებს, უფრო მეტი პროგრამები და პროექტები იქნება იმისთვის, რომ სწორედ ახალგაზრდები ჩამოვიდნენ და არამხოლოდ ფოლკლორსა და კულტურაში, არამედ სხვადასხვა მიმართულებასა, სხვადასხვა დარგში თანატოლებთან ერთად იმუშაონ და ისწავლონ, ეს ყველაფერი ძალიან კარგი იქნება.
და დღეს, როცა ჩვენ ოლიმპიურ თამაშებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ქართველები ასპარეზობენ არამხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ, არამედ სხვა ქვეყნების დროშის ქვეშაც და მოიპოვებენ მედლებს. ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ძალა, რაც ჩვენი ქვეყნის საზღვრების გარეთ არსებობს და როგორ არ უნდა დავუკარგოთ ის, რაც იმ ქვეყნებმა მისცეს მათ, როცა გაუხსნეს საზღვრები - შესაძლებლობა, რომ ეცხოვრათ, ესწავლათ და განვითარებულიყვნენ. მაგრამ, დღევანდელი მსოფლიო ასეა - არსებობს ორმაგი მოქალაქეობა და შეიძლება შენ თანაბრად ემსახურებოდე ამ ორ ქვეყანას და ამ ორივე ქვეყნისთვის წარმოადგენდე ადამიანურ კაპიტალს.
ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, შესაძლოა, უფრო მეტად გვჭირდება ეს ადამიანური რესურსი და ჩვენ უნდა ვუფრთხილდებოდეთ მას. სწორედ ამას აკეთებთ თქვენ, ასე უნდა განაგრძოთ და იცოდეთ, რომ ამ კუთხით ყოველთვის გექნებათ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ რომ, ვინც არ უნდა იყოს ამ ადგილას, ყოველთვის იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მხარდამჭერი.", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიების მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ასევე, პროექტის ინიციატორმა, ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა თიკა სვანიძე-ვენკომ, რომლის თაოსნობითაც 2021 წელს შეიქმნა პირველი საერთაშორისო თეატრი ,,დაბრუნება".