პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის 9 კაციანი შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგი და ენათმეცნიერი ნინო დობორჯგინიძე უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან მეცნიერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ეროვნული პრემიის ლაურეატები.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიამ დღეიდან გამოაცხადა კონკურსი საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად.
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება 2024 წლის 23 ივლისიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0108, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2 28 88 88
საქართველოს ეროვნული პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელსაც მიენიჭება პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ მეცნიერების შესაბამის დარგში.
პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაშრომი გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს პრემიის მინიჭებისათვის კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.
პრემიის მისანიჭებლად ნაშრომის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული გამოყენების შემდეგ.
საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია