პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევმა კომისიამ ორბელიანების სასახლეში დღეს კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება გამართა.
გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღეს კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა: გიორგი ბურჯანაძემ, დიმიტრი გაბუნიამ, მანუჩარ კაკოჩაშვილმა, კახა წიქარიშვილმა და თამარ ალფაიძემ.
კომისია შეიმუშავებს კანდიდატებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და და წარუდგენს პრეზიდენტს.
გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები: ,,დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, ODIHR პრეზიდენტის აპარატის მოწვევით მონიტორინგს უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის პროცესებს.
მონიტორინგის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდება ამ წლის ბოლოს, რომელშიც მოცემული იქნება ჩვენი ძირითადი მიგნებები პროცედურის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ, ასევე რეკომენდაციები, რათა სამომავლოდ გაუმჯობესდეს დანიშვნის პროცესი.
ODIHR-მა შეიმუშავა მონიტორინგის ღირებული ინსტრუმენტების ნაკრები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ეუთოს რეგიონის ქვეყნებში სასამართლო დანიშვნებისა და შემოწმების (ვეტინგის) პროცესების მონიტორინგისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) გაავრცელა.