ინტერვიუ LCI-სთან

ინტერვიუ LCI-სთან

მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო.

მოგესალმებით.

გმადლობთ მასპინძლობისთვის. ვისაუბრებთ კანონპროექტზე, რომელმაც დიდი პოლემიკა გამოიწვია, კანონზე ,,უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა გასულ ოთხშაბათს. თქვენ ეწინააღმდეგებით ამ კანონს, შეგიძლიათ მას ვეტო დაადოთ მესამე მოსმენისას, რომელიც 17 მაისს ჩატარდება, თუმცა პარტია ,,ქართულ ოცნებას“ საკმარისი ხმა აქვს ვეტოს დასაძლევად. მაინც დაუპირისპირებთ თქვენს ვეტოს? უძლურად ხომ არ გრძნობთ თავს ამ მდგომარეობაში?

საერთოდ არა. ჩემი ვეტო იქნება მესამე მოსმენის შემდეგ და მაშინ, როდესაც მე ამას გადავწყვეტ, მაგრამ ვეტო ქუჩაშია, და ქუჩა ამ ქვეყანაში არასოდეს არის უძლური. ვთვლი, რომ საქართველოს მოსახლეობა ხმამაღლა ეუბნება არას არა მხოლოდ კანონს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მოსათოკად პუტინის მიერ მიღებული კანონის ასლია და რომლითაც მიაღწია კიდეც მიზანს. რუსულის მსგავსად, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მოთოკვა არ გამოვა. ეს არავის გამოსვლია და არც გამოუვა. განსაცდელის წინაშე ვართ, რომელიც შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს და მივალთ ოქტომბრის არჩევნებამდე, სადაც მოსახლეობა გააკეთებს არჩევანს, რომელიც უკვე გაკეთებული აქვს, არჩევანს -  ევროპასა და რუსეთთან დაბრუნებას შორის.

ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ყველა რეკომენდაციას, წლის ბოლოს გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად, შიშობთ, რომ თქვენმა ქვეყანამ შეიძლება ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დაკარგოს?

მე არ ვშიშობ, რომ ქვეყანა დაკარგავს კანდიდატის სტატუსს, რადგან ეს სტატუსი ქვეყანამ მოიპოვა და არა მთავრობამ და ამას გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ოქტომბერში არჩევანს ევროპის სასარგებლოდ გააკეთებს, იქნება კოალიციური, ან სხვა ფორმის მთავრობა...

ეს პრორუსული მთავრობა ცდილობს... საბოტაჟს უწყობს საკუთარ თავს...

გარკვეულწილად საბოტაჟს უწყობს საკუთარ თავს მოსკოვის სასარგებლოდ. არ ვიცი ვის სასარგებლოდ აწყობენ საბოტაჟს, მაგრამ ვერავინ ვერ მოახერხებს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს, სწორედ ეს წყდება ახლა. ეს ქვეყანა, რომელიც 26 საუკუნეა დამოუკიდებლობის, ხოლო 2 საუკუნე ნახევარია, რაც რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, იცის, სად არის მისი მომავალი, მისი პერსპექტივა და არავის მისცემს საშუალებას ის დააკარგვინოს.

გვესმის თქვენი ოპტიმიზმი, მაგრამ როგორ ხედავთ ახლო მომავალს? არის ხელისუფლება, მმართველი პარტია, რომელიც ეჭვგარეშეა, კრემლისკენ, მოსკოვისკენაა მიმართული, არ შიშობთ, რომ საქართველო საბოლოოდ მაინც რუსეთის ჯიბეში აღმოჩნდება?

სწორედ ეს არის საქართველოს ძალა, ჰყავს თავისუფალი და მოაზროვნე მოსახლეობა. ახალგაზრდობას, რომელიც ნახეთ სრულიად აქვს გააზრებული მისი მომავალი, იცის, თუ როგორ უნდა დაიცვას ეს მომავალი და მზადაა მის დასაცავად. ეს მთავრობა დღეს მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს, ერთადერთი მობილიზაცია, რომლის უზრუნველყოფაც შეძლო, მოახერხა  საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ხარჯზე, ისინი ავტობუსებით ჩამოიყვანეს ქალაქში. ეს მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოხდეს. ეს მოსახლეობა დაიცავს მის ევროპულ მომავალს. მინდა დავამატო, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ევროპის მომავალიცაა. იგივე ხდება რაც უკრაინაში, აქ უფრო ცივილურად, უკრაინაში სამხედრო გზით.  ეს ევროპის მომავალიცაა, მისი უფლებაა  გაფართოება, გაძლიერება, ჩამოყალიბებული უსაფრთხოების პოლიტიკა და ღირებულებების დაცვა და ჩვენ აქ, ევროპულ ღირებულებებს ვიცავთ.

მინდა გავაგრძელო კიევთან შედარება, თვლით რომ საქართველო მაიდნის პერიოდს გადის ახლა, პროევროპული რევოლუციის სახელით, როგორც კიევი 2013, 2014 წლებში, რომელმაც პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომა გამოიწვია?

არ ვიცი შეიძლება თუ არა შედარების გაკეთება, ჩვენ უკვე ბევრი მაიდანი გვქონდა აქ.

... დიახ, სხვადასხვაა

ჩვენ უკვე დავამტკიცეთ. ვთვლი, რომ ის, რაც ახლა ხდება გადამწყვეტია. აქ ხელისუფლება ცდილობს ეს ახალგაზრდობა და ზოგადად ეს მოსახლეობა რევოლუციის სურვილში დაადანაშაულოს. არავის არ სურს რევოლუცია. ჩვენ არჩევნებისკენ მივდივართ, რომელსაც მოვიგებთ, ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი ევროპისთვის, და არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, რომელიც წლების განმავლობაში ყველა გამოკითხვაში თუ საარჩევნო კონსულტაციაში აცხადებს რომ უნდა ევროპა, ხმას ევროპას მისცემს.

ფიქრობთ, რომ დღესდღეობით დასუსტებული ოპოზიცია, შეძლებს ამ საარჩევნო შესაძლებლობის გამოყენებას მომავალ ოქტომბერში, ,,ქართული ოცნების“ საპირისპიროდ, რომელიც ასევე კარგავს პოპულარობას? და რა შედეგისთვის?

როგორ რა შედეგისთვის? ევროპისთვის. რა ფორმის ოპოზიცია იქნება, რა ფორმის პარტია.... მე ვამზადებ პროევროპულ პლატფორმას, რომელიც ღიაა ყველა ევროპული, პროევროპული პარტიისთვის, არსებული თუ სამომავლო. ეს პლატფორმა იქნება - საქართველოს განაცხადი ევროპისთვის და ასევე, მომავალი თვეების სამოქმედო გეგმა. მოლაპარაკებების გახსნა ახსენეთ... რა თქმა უნდა, არაფერი არ იქნება ოქტომბრამდე, დღეს ეს ცხადია. არის დაგვიანება, მაგრამ ამ დაგვიანების ანაზღაურება შესაძლებელია და მოხდება მისი ანაზღაურება.

მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო LCI-სთვის ამ ინტერვიუსთვის მიცემისთვის.

მადლობა

 

სხვა სიახლეები